საქართველომ კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა
საქართველომ 26 მაისს კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა. ბიზნესისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერით, ვარშავის აღმოსავლეთის შესწავლის ინსტიტუტისა და საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის მიერ გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, კონფერენციის სტუმრებთან მისალმების შემდეგ, აღნიშნა, რომ „აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკონომიკური ურთიერთობის პროცესში, საქართველო სულ უფრო პრინციპულ და მნიშვნელოვან ადგილს და როლს იმკვიდრებს“.
„საქართველოში ინვესტირება გულისხმობს ინვესტირებას, არა მცირე, 3 მილიონიან ბაზარზე, არამედ იმ ღია და ლიბერალური პოლიტიკის გამო, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების შედეგად, 2 მილიარდიან დიდ, ძლიერ ბაზრებზე, როგორიცაა ევროკავშირი, ჩინეთი, თურქეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველო „პატარა, მაგრამ ღია და ლიბერალური ბაზარია“ და ქვეყნის მზარდი ეკონომიკური განვითარება და მისი მიმზიდველი გეოგრაფიული მდებარეობა, შესაძლებლობას აძლევს, რომ „რეგიონულ ჰაბად გადაიქცეს“.
კონფერენციაზე სიტყვით სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებიც გამოვიდნენ, რომლებიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სტუმრობენ. მათ ხაზი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს გაუსვეს და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
კრინიცას ეკონომიკური ფორუმი აღმოსავლეთის შესწავლის ინსტიტუტის მიერ, სამხრეთ პოლონეთის ქალაქ კრინიცაში ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიებაა. ის ცენტრალური ევროპის რეგიონში, ბიზნესის, ეკონომიკისა და მშვიდობის საკითხებზე დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)