საქართველომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნა

26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილე ევროპელ ლიდერებთან ერთად აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის საქართველოს 6 ქვეყნის პრეზიდენტი, 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგეცია და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ეწვია. საზეიმო ღონისძიებები, თბილისსა და რეგიონებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან დაიწყო. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ჩატარდა. ფორუმი საქართველოს, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნეს.

საზეიმო მიღება გაიმართა პრეზიდენტის სასახლეშიც, სადაც საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენლებს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმასპინძლეს.

დღის მთავარი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე თბილისის დროით, ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო, სადაც კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადი შემადგენლობა 100 წლის წინანდელი ქართული არმიის სამხედრო ფორმით გამოვიდა. სპეციალურად ამ დღისთვის, მათ 1918-1921 წლების პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მარშიც გააცოცხლეს.

ღონისძიებაზე ფიცის დადების ცერემონიაც გაიმართა. 500-მდე წვევამდელმა და რეკრუტმა თბილისში, ბათუმში, ვარძიაში, ქოროღლის ციხესთან, გელათში და შინდისში ფიცი ერთდროულად დადო.

ფიცის დადების შემდეგ, საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვლმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართეს.

ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით პოლონეთის, სლოვაკეთის, ფინეთის, სომხეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ევროკომისიის პრეზიდენტებიც გამოვიდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილე მიულოცევს. ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საზეიმო ღონისძიებაზე საზოგადოებას ქართულად მიმართა.

ამის შემდეგ, სტუმრებმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტში გამართული მრგვალი მაგიდის მუშაობაში სახელწოდებით – „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია“ მიიღეს მონაწილეობა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, 100 წლის წინ, დამოუკიდებლობის გამოცხადების ინსცენირებასაც დაესწრნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სტუმრებს ოფიციალურ სადილზეც უმასპინძლეს და საღამოს, მათთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრში ნინო ანანიაშვილის, სუხიშვილებისა და სხვა ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გამართულ კონცერტს დაესწრნენ.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“ ერთობლივი მიღება გაიმართა, რომელსაც საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური წრეების, რელიგიური კონფესიების, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიღებაზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა.

დღის ბოლოს, დასკვნითი, საზეიმო გალა-კონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებების გარდა, სტუმრად მყოფმა დელეგაციის წევრებმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივი ოფიციალური შეხვედრებიც გამართეს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე საქართველოს საელჩოებში საზეიმო ღონისძიებები და მიღებები გაიმართა. ღონისძიება გაიმართა აშშ-ში მშვიდობის ინსტიტუტში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის იუბილე აღნიშნეს გაეროს ოფისშიც.

საქართველომ დამოუკიდებლობა ზუსტად ასი წლი წინ, 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს, ბოლშევიკური წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)