სირიამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა

სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. ამით ის გაეროს წევრი მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელსაც ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოხუმი და დამასკო ორმხრივი აღიარების შესახებ და საელჩოების დონეზე, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანმხდნენ, რაც ყველა მიმართულებით ურთიერთობების განვითარების საერთო სწრაფვას ასახავს.

განცხადება გაავრცელა ცხინვალის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ორი რესპუბლიკა ორმხრივი აღიარებისა და საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე შეთანხმდა, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ინფორმაცია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. უწყების განმარტებით, სირიამ ორ ქვეყანასთან ორმხრივი აღიარებისა და საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილება მიიღო.

ამ დრომდე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს ჰქონდა აღიარებული.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)