აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას გამოეხმაურა
სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება „ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ბაშარ ალ-ასადს მხარს რუსეთის რეჟიმი უჭერს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰეზერ ნაუერტმა 29 მაისს გამართულ ბრიფინგზე.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვას ნაუერტმა უპასუხა, რომ ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება „არაგონივრული“ იყო და ის „არსებულ რეალობას და ჩვენს პოზიციას არ შეცვლის“.
„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – დასძინა მან.
სირიამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ 29 მაისს განაცხადა. ამით ის გაეროს წევრი მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელსც ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული. საქართველომ სირიის ამ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით უპასუხა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)