საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სტუმრობს
30-31 მაისს, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სტუმრობს. დღეს ის მის ქართველ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.
პირისპირ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. მოგვიანებით ისინი საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრას შეუერთდნენ.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ორმხირივი „ნაყოფიერი თანამშრომლობის“ მზაობა გამოხატა. მან ფაშინიანს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება მიულოცა და საქართველოსა და სომხეთის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი ვიზიტის სიმბოლურობას გაუსვა ხაზი.
„სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა და დასძინა, რომ სომხეთში, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმდინარეობისას, სომეხმა ხალხმა „ერთიანობისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულების სანიმუშო მაგალითი აჩვენა“.
ფაშინიანის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობების სამომავლო განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მისივე თქმით, საქართველო-სომხეთის ურთიერთობების მხარდაჭერისთვის ის, „როგორც ჟურნალისტი და ახლა, უკვე, როგორც პრემიერ-მინისტრი“ ძალისხმევას არ იშურებს.
„ჩვენ ახლა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების, ასევე ყველა მიმართულებითა და ყველა დონეზე ორმხრივი ურთიერთობების სტიმულირებისა და გაღრმავების ფაზაში ვართ“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. მის ამ განცხადებას გიორგი კვირიკაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესაც შეხვდა. ფაშინიანი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II-საც შეხვდება და თბილისის საკონცერტო დარბაზში სომხეთის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. ნიკოლ ფაშინიანი სამხრეთ საქართველოსაც ეწვევა და იქ მცხოვრებ ეთნიკურ სომეხ მოსახლეობას შეხვდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)