არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის უმრავლესობაში ევროპული საქართველო იქნება
ხორავას ქუჩაზე გასული წლის დეკემბერში არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის უმრავლესობაში ევროპული საქართველოს წევრები იქნებიან.
ამის შესახებ დღეს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და ევროპულ საქართველოს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი. ირაკლი კობახიძის თქმით, დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეც საპარლამენტო უმცირესობიდან შეირჩევა. მისივე განმარტებით, საგამოძიებო კომისიაში წარმოდგენილი იქნება პატრიოტთა ალიანსიც და ამის შესახებ მათთან კონსულტაციები უკვე გაიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, „მიუხედავად იმისა, რომ რომან გოცირიძემ თავად მოითხოვა ამ კომისიის შექმნა“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ გეგმავს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას რომან გოცირიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ „ამ კომისიის შექმნა“ მათი ინიციატივა არ იყო. მისი თქმით, „ეს კომისია არის ტაქტიკური სვლა უმრავლესობის მხრიდან“ და „დროის გაწელვის ერთ-ერთი ფანდი და კაბინეტური სიმართლის ძიების იმიტაცია“. სწორედ ამიტომ, ისინი ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
კობახიძის განმარტებით, დროებითი საგამოძიებო კომისია სულ 17 წევრისგან დაკომპლექტდება, მათგან 9 წევრი საპარლამენტო უმცირესობას ეყოლება და ეს კვოტების გადანაწილების ხარჯზე მოხდება.
შეხვედრის შემდეგ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მედიასთან ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამაც ისაუბრა. მისი განმარტებით, „იმისთვის, რომ ეფექტური ყოფილიყო ამ კომისიის მუშაობა, საჭირო იყო მკაფიო უმრავლესობა რეალური საპარლამენტო ოპოზიციის, ამ შემთხვევაში, ევროპული საქართველოსი. ეს შეთანხმება მიღწეულია“.
მისივე თქმით, თუ ნაციონალური მოძრაობა შეიცვლის „აბსოლუტურად გაუგებარ, დაუსაბუთებელ და აბსურდულ პოზიციას კომისიაში არმონაწილეობის თაობაზე“, მაშინ უმრავლესობა ევროპულ საქრთველოსა და ნაციონალურ მოძრაობას ერთად ექნებათ.
ევროპულმა საქართველომ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურაზე სერგი კაპანაძე წარადგინა. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ჩვენი ფრაქციის უმცირესობის შიგნით და ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე შევარჩიეთ სერგი კაპანაძის კანდიდატურა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სერგი სრული პასუხისმგებლობით შეუდგება ამ მნიშვნელოვან საქმეს“, – განაცხადა მან.
პარლამენტი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებს.
ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება პარლამენტმა 31 მაისს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო. სასამართლომ ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინა, რის შემდეგაც საპარლამენტო ოპოზიციამ დღის წესრიგში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა დააყენა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)