კალაძე: მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვა კანონსაწინააღმდეგოა

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები 3 ივნისს ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ, რასაც თბილისის მერმა კახა კალაძემ „შანტაჟი“ და „სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმი“ უწოდა.

თბილისის მოსახლეობას, დღეს დილით, მეტროსადგურებში შემდეგი წარწერა დახვდათ – „მეტრო დაკეტილია, გთხოვთ ისარგებლოთ ავტობუსებით“. მათ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გამოყენება მოუწიათ, რამაც დედაქალაქში ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება და საცობები გამოიწვია.

მეტროპოლიტენში 6 300 ადამიანია დასაქმებული. მემანქანეების გაფიცვის ორგანიზატორი სატრანსპორტო კომპანიის ელექტრომატარებლების მემანქანეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ – ია. გაფიცულები მეტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და მათი ხელფასების ზრდას ითხოვენ, რომელიც მოცემული მომენტისთცის 1 100 – 1 200 ლარს შეადგენს.

გაფიცვის თაობაზე „ერთობა 2013“ – ის წინა გაფრთხილების საპასუხოდ, თბილისის მერმა განაცხადა, რომ იმუშავებს თუ არა მეტროსადგურები, ეს მერიის გადასაწყვეტია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით, მემანქანეებს გაფიცვის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში მიეცათ. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკვე გააპროტესტა რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ და მას არაკონსტიტუციური უწოდა.

გუშინდელ განცხადებაში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მემანქანეებს მოუწოდა, რომ მხედველობაში მიიღონ მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიების მნიშვნელობა და თავი შეიკავონ „კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან“.

გავრცელებული ინფორმაციით, მეტროს თანამშრომლები სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილნენ, თუმცა 3 მაისს შიმშილობა დაიწყეს. მართალია, დღეს დილით, ისინი სამსახურში გამოცხადდნენ, თუმცა ჯანდაცვის კომისიამ აღნიშნა, რომ შიმშილობის შემდეგ,  ისინი დაკისრებული მოვალეობების შესრულებას ვეღარ შეძლებდნენ.

„ის, რომ დღეს მეტროსადგურები არ მუშაობს და არ ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, შეიძლება შეფასდეს როგორც შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ მართალია, მეტროპილიტენის თანამშრომლები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, თბილისის მერია „არასამართლიან და უთანასწორო გადაწყვეტილებებს“ ვერ მიიღებს.

საპასუხოდ, ერთობა 2013-მა ვიდეო გაავრცელა, სადაც მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი, რობერტ მარგიშვილი თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიმართავს და ამბობს – „რა ურჩევნიათ, რომ მონების ბელადები იყვნენ, თუ თავისუფალი, მშრომელი და წესიერი ხალხის ხელმძღვანელები“.

„ჩვენი ბოლო კონსტიტუციური უფლება გამოვიყენეთ და უნდა გვექნა ის, რაც გავაკეთეთ“, – განაცხადა მარგიშვილმა და დასძინა, რომ „უნდა შესრულდეს ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ“. მან ასევე აღნიშნა, რომ მემანქანეებს სურთ საკუთარი მოვალეობების შესრულება და მოქალაქეების გულისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაც, მაგრამ დასძინა, რომ ისინი ამ „მძიმე შრომის“ შესაბამის თანხას არ იღებენ.

თბილისის მეტროპოლიტენი 1966 წლიდან მუშაობს და ორი ხაზის და 23 სადგურის მეშვეობით, ყოველდღიურად, დილის 6 საათიდან შუაღამემდე, დაახლოებით 600 000 მგზავრს ემსახურება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)