იენს სტოლტენბერგი: მოკავშირეები ნატოს სამიტზე საქართველოს პროგრესს აღიარებენ
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 6 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე მიმდინარე კვირის ნატოს თავდაცვის მინისტერიალი მიმოიხილა და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსთან ნატოს ურთიერთობებზეც ისაუბრა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კითხვის საპასუხოდ, სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 11-12 ივლისს ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტზე მოკავშირეები საქართველოს პროგრესს აღიარებენ.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ივლისის სამიტი გამონახავს გზებს, რათა აღიაროს საქართველოს პროგრესი, მისი პროგრესი რეფორმების განხორციელებაში, თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში, კანონის უზენაესობაში, ასევე იმ ფაქტს, რომ საქართველო ააქტიურებს ძალისხმევას კორუფციასთან ბრძოლის საქმეში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცე მხარდაჭერის მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია და რომ ქვეყანა უკვე წლებია ამტკიცებს, რომ ის ავღანეთში ალიანსის მისიის ერთგულია.
თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები ნატოს შტაბბინაში 7-8 ივნისს გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, 8 ივნისს მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესახებ გამართულ დისკუსიებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც მიიღებს მონაწილეობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)