საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელს სტუმრობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დღეს ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბრიუსელში 7-8 ივნისის ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ საქართველო ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და „ნატოსთან ერთად ვამტკიცებთ უსაფრთხოებას და მშვიდობას მსოფლიოში, კერძოდ კი ავღანეთში“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ავღანეთის მისიაში სამხედროების რაოდენობას შეინარჩუნებს და დასძინა, რომ ქვეყნის მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში მას ნატოსთვის და ევროკავშირისთვის „მნიშვნელოვან პარტნიორად“ აქცევს.
„ბუნებრივია, ამ პარტნიორობას მომავალშიც გავაგრძელებთ, რაც არის მყარი საფუძველი იმისა, რომ კიდევ ერთხელ იქნას აღიარებული ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა მინისტრმა.
ამჟამად, ავღანეთში ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, საქართველოს 870 სამხედრო მსახურობს, რის შედეგადაც, ქვეყანა მტკიცე მხარდაჭერის მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მის ხორვატ, უნგრელ და უკრაინელ კოლეგებს, დამირ კრსტიჩევიჩს, ტიბორ ბენკოს და სტეფან პოლტორაკსაც შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)