გენერალმა კვინიტაძემ ორდენები გადასადნობად ჩააბარა
(ერთობა N 117, 8 ივნისი 1918) საქართველოს რესპუბლიკის ჯარების უფროსი, გენერალ-მაიორი კვინიტაძე შემდეგ ბრძანებას აქვეყნებს:
ყველამ იცის, რომ ჩვენს საშობლოს სჭირია ფული. ეხლა, როცა ჩვენ დავიწყეთ საკუთარი ცხოვრება, ეს საჭიროება მეტათ გამწვავდა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს სამშობლოს და შევუმსუბუქოთ ფინანსთა სამინისტროს მუშაობა. მივმართავ სამხედრო სამსახურში მყოფ ყველა ოფიცრებს, მოხელეებს და ჯარისკაცებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს რესპუბლიკის ჯარებში: ფინანსთა სამინისტროს სჭირია ოქრო. ჩვენ კი ის გვაქვს. ეს ჩვენი ორდენებია, რომელიც ჩვენ დავიმსახურეთ ომის დროს. ასეთ მძიმე სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ოფიცრებმა პირველათ უნდა ამოიღონ ხმა ამის შესახებ.
დეე, თითოეულმა ჩვენგანმა გაიღოს თავისი ორდენები სახელმწიფოებრივი ფონის შესაქმნელათ. ჩვენ სამშობლოსთვის არ ვზოგავდით არც ჯანმთელობას, არც სიცოცხლეს, ბევრი სამუდამოთ დასახიჩრებული ვართ, ბევრმა შესწირა თავი სამშობლოს. ჩვენ სამხედრო სამსახურში მყოფ ოფიცრებმა, მოხელეებმა და ჯარისჯაცებმა პირველათ დავდევით თავი სამშობლოს კეთილდღეობისათვის და ნუ თუ ახლა, ასეთ მძიმე დროს არ გავიღებთ კიდევ მსხვერპლს ჩვენი სახელმწიფოს ასაყვავებლათ.
დარწმუნებული ვარ ჩემი მოწოდება იპოვის ამოძახილს იმ პირებში, რომლებთაც უყვართ აღორძინების გზაზე დამდგარი საქართველო. რასაკვირველია, ყველასთვის ძვირფასია შრომით და სისხლით მოპოვებული ორდენები, მით უფრო, რომ ეს არის სამსახურის, ომიანობის სამახსოვრო ნიშნები, არის სიმბოლო სამსახურის კეთილსინდისიერათ ასრულებისა, მაგრამ სამშობლოს სიყვარულმა უნდა ჩააქროს ყველა სხვა გრძნობები და მე მწამს, რომ ჩემი მოწოდება არ დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.
დღეს მე უკვე ჩავაბარე ყველა ორდენები, მიღებული როგორც იაპონიასთან ომის დროს, ისე ამ ომში. დავიტოვე მხოლოდ წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ჯვარი. ორდენებს მიიღებს სამხედრო სამინისტროში კანცელარიის უფროსი კვიტანციის გაცემით ყოველ დღე დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე.
გენ.-მაიორი კვინიტაძე