ჯანელიძე: სირიამ მხარი რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას დაუჭირა
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის სტატია Atlantic Council-ზე, ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხზე:
„გასულ კვირას, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და აფხაზეთი და ცხინვალი (ე.წ. სამხრეთ ოსეთი), საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. უდავოა, რომ ეს აქტი ასადის მთავარი მფარველის – რუსეთის ბრძანებით განხორციელდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციასა და ამ ტერიტორიებზე მიმდინარე ეთნიკურ წმენდას.
ქართველები მიიჩნევენ, რომ ეს პროვოკაცია რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 100 წლისთავზე, რუსეთის საპასუხო რეაქციაა. ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთი, სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერის გზით, აფხაზეთსა და ცხინვალზე ფაქტიურ კონტროლს ახორციელებს. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა. კერძოდ, მან ჩვენს ქვეყანაში თავისი რეგულარული არმია შემოიყვანა და ჩვენი ტერიტორიები დაიპყრო. ამის შემდგომ, მან ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, „აფხაზეთის რესპუბლიკად“ და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკად“ გამოაცხადა. აღნიშნული ქმედებების მხარდასაჭერად, რუსეთმა უზრუნველყო რამდენიმე ადვილად მართვადი სახელმწიფოს (ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ) მიერ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივმოქმედი წევრიდან ოთხი, გარდა რუსეთისა, ეწინააღმდეგება რუსეთის ქმედებებს. ამის მიუხედავად, რუსეთი კვლავ განაგრძობს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმების დარღვევას. ის ცდილობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო, უშიშროებისა და ეკონომიკურ-სოციალურ სისტემაში ინტეგრაციას; საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ამ რეგიონების სრულ იზოლაციას – ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და ეთნიკური ქართველების მკვლელობის ფაქტების ფონზე, რომლებიც დაუსჯელი რჩება; ახორციელებს ეთნიკურ წმენდას და ამავდროულად ბლოკავს ნებისმიერი დისკუსიის დაწყებას იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის 70 პროცენტს შეადგენს; და ახორციელებს რუსიფიკაციის პოლიტიკას რეგიონების სკოლებში სწავლების პროცესის მხოლოდ რუსულ ენაზე გადაყვანის გზით.
რუსეთი მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს იყენებს, მათ შორის, „ჰიბრიდულ“ მაქინაციებს დასავლეთში. სირიის გამოყენება საერთაშორისო საზოგადოების გასაღიზიანებლად მოსალოდნელი იყო. ეს ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შესახებ აშშ-ის პოზიციასაც, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შორის გამართულ შეხვედრებზე არაერთგზის გაჟღერდა. საქართველოს ყველა საფუძველი აქვს სჯეროდეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.
რუსეთს, ალბათ, იმედი აქვს, რომ საქართველოს სუვერენული ტერიტორიისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სირიის გამოყენება შეიძლება იქცეს გარკვეულ გზავნილად სხვა სახელმწიფოებისთვისაც, რომლებიც ერთ დროს, საბჭოთა საზღვრებში იყვნენ მოქცეულნი და რომლებსაც რუსეთი კვლავ თავის „გავლენის სფეროებად“ აღიქვამს. თანამედროვე სამყაროში ამგვარი დრომოჭმული აზროვნების ადგილი აღარ უნდა იყოს.
რუსეთს, წესით, უნდა უხაროდეს თავისი მეზობლების, მათ შორის, საქართველოს კეთილდღეობა და სტაბილურობა. კეთილდღეობა, რუსეთის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, სწრაფად გვიახლოვდება. საქართველო პროგრესულად მოაზროვნე დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ინვესტიციების მიმართულებით. ეს ის მიმართულებებია, რომლებიც ევრაზიას განსაზღვრავს და რომლებსაც მსოფლიოს მასშტაბით სარგებელი მოაქვს, როგორც სახელმწიფოების, ისე ინვესტორებისთვის. საქართველოს ხელყოფისკენ, ისევე როგორც აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის, მათ შორის, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო ხელმოწერის გზით, წინააღმდეგ მიმართული რუსეთის ძალისხმევა ზიანს აყენებს როგორც რუსეთის, ისე მისი სატელიტი სახელმწიფოების ინტერესებს.
საქართველომ მკაფიოდ აჩვენა, რომ ის მზადაა, იმუშაოს რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიზნით, რაც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემას უნდა ემყარებოდეს. რუსეთმა კი უნდა გადაწყვიტოს, დარჩება ისტორიის ბნელ მხარეს, თუ ხელს შეუწყობს თავისი სამეზობლოს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)