გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 12 ივნისს, საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. რეზოლუციას მხარი 81–მა ქვეყანამ დაუჭირა 16–ის წინააღმდეგ, 62–მა კი თავი შეიკავა.

ეს უკვე მეთერთმეტე, შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუციაა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს. პირველი რეზოლუცია, რომელიც 2008 წელს მიიღეს, მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთს ეხებოდა, ყველა მომდევნო დოკუმენტი კი ეხება როგორც აფხაზეთს, ისე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს.
გასულ წელს რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ 14-ის წინააღმდეგ დაუჭირა. 61-მა კი თავი შეიკავა.

რუსეთთან ერთად, წელს რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა შემდეგმა ქვეყნებმა მისცეს: სომხეთი, ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა (შარშანდელ სხდომას არ ესწრებოდა), ლაოსი, მიანმარი (შარშან თავი შეიკავა), ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, სამხრეთ სუდანი, სუდანი (შარშანდელ სხდომას არ ესწრებოდა), ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე.
სირია, რომელმაც გასულ წელს ხმა წინააღმდეგ მისცა, წლევანდელ სხდომას არ დასწრებია და შესაბამისად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

დომინიკის რესპუბლიკამ და მაკედონიამ გასულ წელს თავი შეიკავეს, წელს კი მხარი დაუჭირეს. ჯიბუტიმ, კირიბატიმ და სვაზილენდმა, რომლებიც შარშან სხდომას არ ესწრებოდნენ, წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კენჭისყრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, ხაზი გაუსვა, რომ რეზოლუცია „განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას“.

„რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, ღირსეულად და უსაფრთხოდ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

„ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)