მოქალაქის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით მარნეულის მერი დააკავეს
მარნეულში მცხოვრები ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით მთავარმა პროკურატურამ დღეს მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა.
მარნეულის მერის დაკავება სტუდია მონიტორის მიერ გუშინ გავრცელებულ სიუჟეტს მოჰყვა, სადაც ჩანს, რომ რამენიმე დღის წინ, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, მარნეულის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის შეგინებისთვის ბოდიშს ახდევინებენ და ზეწოლის შედეგად, სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ასმევინებენ.
მონიტორის ცნობით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ პირის მიმართ ზეწოლას ქართული ოცნების ადგილობრივი წარმომადგენლები და მარნეულის მერი თემურ აბაზოვი ახორციელებდნენ. მარნეულის მერმა სტუდია მონიტორთან საუბარში მომხდართან მისი კავშირი კატეგორიულად უარყო.
ინციდენტზე განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამ. უწყების ინფორმაციით, მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი.
პროკურატურის განცხადებით, ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის მიმართაც.
პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წლის 10 ივნისს, ელჩინ ალახვერდიევი თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, სადაც „მარნეულის მერზე თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა“, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ პირდაპირი ვიდეოჩართვის მეშვეობით, მარნეულის მერის თემურ აბაზოვის მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იმავე ღამით, მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი დაუკავშირდა და მას პარტიის მარნეულის ოფისში შეხვედრა სთხოვა.
პროკურატურის ცნობით, ოფისში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მერის ნათესავი და სხვა პირები, რომლებმაც ელჩინ ალახვერდიევს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდეგ, ელჩინ ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ე.წ. „ჟეჟებეს“ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვენეს, სადაც მათ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი ელოდებოდათ.
პროკურტურის ინფორმაციით, თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს „სახეში შეაფურთხა“ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ, ფეისბუკის პირდაპირი ეთერის საშუალებით, ბოდიშის მოხდა აიძულა. ბოლოს კი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა „ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე“.
პროკურატურის ინფორმაციით, მარნეულის მერის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით არის აღძრული, რაც თავისუფლების აღკვეთით, 5-დან 10 წლამდე ვადით ისჯება. რამინ ალახვერდიევის, აზერ სულეიმანოვისა და მერის ნათესავის მიმართ კი, გამოძიება სსკ-ისს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი იცავს და ბრალდების სიმსუბუქიდან გამომდინარე, მისთვის დეპუტატის მანდატის მოხსნის საკითხი არ განიხილება. უწყების ცნობით, პროკურატურა მის მიმართ გირაოს მოთხოვნას, ხოლო თემურ აბაზოვის მიმართ, ბრალდების სიმძიმის გათვალისწინებით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.
მომხდარი შეაფასა „ერთაინი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ აზერ სულეიმანოვმა. „უსინდისობა არის, უნამუსობა არის, ვიღაცამ აგინა ივანიშვილს და ოცნების წევრს და ნაციონალურ მოძრაობას აბრალებ“, – განაცხადა მან. სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევისა და ქართული ოცნების წევრების მათი პარტიის ოფისში მისვლა დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ ის დაზარალებულს ფიზიკურად არ შეხებია და მხოლოდ ის ჰკითხა, თუ რატომ ლაპარაკობდა ის ნაციონალური მოძრაობის სახელით, რის შემდეგაც მან პარტიის ოფისი დატოვა. სულეიმანოვის თქმით, ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე მას ინფორმაცია არ აქვს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)