გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წლის დეკემბრიდან ეკავა, დღეს საღამოს თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.
თავის თერთმეტწუთიან გამოსვლაში კვირიკაშვილმა გადადგომის მიზეზად მმართველი პარტიის წევრებთან ეკონომიკურ პოლიტიკაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო თვეების მანძილზე, „რიგ ფუნდამენტურ საკითხებზე“, მას ქართული ოცნების თავმჯდომარისგან ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები ჰქონდა.
„ვფიქრობ, რომ დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა მან.
გიორგი კვირიკაშვილმა თავის სიტყვაში ძირითადი ყურადღება მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა, მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში „მტკივნეული“, მაგრამ ქვეყნისთვის საჭირო იყო. მისივე შეფასებით, სწორედ მთავრობის სწორი პოლიტიკის წყალობით, „გადავლახეთ ის სირთულეები, რომლიდან გამოსვლაც ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც კი უჭირს“.
კვირიკაშვილის განმარტებით, „დღეს საქართველო მსოფლიოში აღიარებული უსაფრთხო ქვეყანა გახლავთ, რომელიც მიმზიდველია ინვესტორებისთვის, მსოფლიო დონის ჩემპიონატებისთვის და სხვა არაერთი საერთაშორისო მასშტაბის შეხვედრისთვის“, რაც კვირიკაშვილის შეფასებით, „იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის“.
გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა. „დღეს ჩვენ ვართ ყველაზე უფრო ახლოს ევროკავშირთან და ნატოსთან, ვიდრე საქართველო ოდესმე ყოფილა. დღეს ჩვენ უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა მან. მისივე განმარტებით, „პრაგმატული და სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად“, საქართველომ ორი ოკუპირებული რეგიონის პირობებშიც სტაბილური გარემოს შექმნა მოახერხა.
კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანამ ჟენევის ფორმატში რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მზაობა გამოხატა, რაც მისი შეფასებით, „ადრე თუ გვიან, გარკვეულ შედეგს მოიტანს“.
„ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება ადამიანს, მოქალაქეს დაეკისროს და ყოველთვის ვცდილობდი, უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა“, – განაცხადაი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ის ცდილობდა, რომ ყოფილიყო „თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი“ და სჯეროდა, რომ „ყველა გადაწყვეტილება“ და „ყველა ნაბიჯი“ იყო „სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი“.
კვირიკაშვილის განმარტებით, გუნდში არსებული განწყობებისა და გუნდური მუშაობის პრინციპების გათვალისწინებით, მან თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. „მე ვტოვებ დღეს ჩემს თანამდებობას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და საკუთარი გუნდის წევრებს და თანანამშრომლებს „გათენებული ღამეებისთვის, ადამიანური თანადგომისთვის, უდიდესი შრომისთვის“ მადლობა გადაუხადა.
საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პერმიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტასაც იწვევს. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან შვიდი დღის ვადაში, საქართველოს პრეზიდენტი „წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას“.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი (მინიმუმ 76) დეპუტატის ხმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, მთავრობის არსებული შემადგენლობისთვის მოვალეობის დაკისრების განკარგულება უკვე გამოსცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)