მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდება
მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი სრჯან დარმანოვიჩი, რომელიც სამდღიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, გუშინ მის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა და ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირის მისწრაფებების შემდგომ მხარდაჭერას დაჰპირდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინზე, სრჯან დარმანოვიჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, როგორც დასავლეთ ბალკანეთის ლიდერი ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, მზადაა „ითანამშრომლოს, მხარი დაუჭიროს და გაუზიაროს“ საქართველოს საკუთარი გამოცდილება.
მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა, როგორც ალიანსის წევრი, „ნატოს ღია კარის პოლიტიკის ერთგულია“ და „სრულად უჭერს მხარს“ საქართველოს მისწრაფებებს წევრობისკენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონტენეგროელ კოლეგას მისი ქვეყნის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, მათ შორის, რეგულარული მაღალი დონის ვიზიტების მეშვეობით.
12-14 ივნისის ვიზიტის ფარგლებში, მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ფინანსთა მინისტრს მამუკა ბახტაძესაც შეხვდა და თბილისში მონტენეგროს საკონსულოს გახსნას დაესწრო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)