მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა

მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა. ქართული ოცნების ოფისში დღეს საათნახევრიანი მოლაპარაკებების შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძის კანდიდატურას გუნდმა მხარი ერთსულოვნად დაუჭირა.

მამუკა ბახტაძემ ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს და მის ხელმძღვანელს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ეს არის „მართლაც ძალიან დიდი პატივი, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბახტაძემ. მანვე ის მთავარი პრიორიტეტები ჩამოთვალა, რომლითაც ის პარლამენტის წინაშე წარსდგება:

  • ქართველი ხალხის ისტორიული არჩევნის ბოლომდე მიყვანა, რაც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვან ინტეგრაციას გულისხმობს;
  • ინოვაციური და ფუნდამენტური რეფორმები ყველა საჭირო მიმართულებით;
  • მცირე მთავრობის კონცეფცია და ეფექტური სამთავრობო უწყებები;
  • განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა.

„სწორედ მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე და რაც მთავარია, თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რასაც ჰქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნების რიცხვში და სწორედ ასეთი საქართველო არის ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ დავბრუნდეთ ერთიან ოჯახში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე განმარტებით, „ადამიანი იყო, არის და იქნება პარტია ქართული ოცნების მთავარი ფასეულობა“. „მე დარწმუნებული ვარ საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა“, – დასძინა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძეს ფინანსთა მინისტრის პოსტი 2017 წლის 13 ნოემბრიდან ეკავა. 2013-2017 წლებში, ის საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 2010-2012 წლებში საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის დირექტორი იყო, 2007-2008 წლებში, სასტუმროების ქსელის “რჩეულის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2005-2006 წლებში კი საქართველოს რკინიგზის პროექტის მენეჯერი იყო.

პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ საღამოს თანამდებობა დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)