ნაციონალური მოძრაობა ოზურგეთის ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 15 ივნისს ოზურგეთის საკრებულოს წევრის ბესიკ ქათამაძის ცემაში მონაწილე ყველა პირის დასჯას და მათთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას ითხოვს. ამ მოთხოვნით, მათ 18 ივნისს ოზურგეთის საკრებულოს წინ აქცია გამართეს, დეპუტატების ნაწილმა კი შიმშილობა გამოაცხადა.
ოზურგეთში გუშინ განვითარებულ მოვლენებს წინ 15 ივნისის ინციდენტი უძღოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ბესიკ ქათამაძის განცხადებით, ის ქართული ოცნების დეპუტატებმა კაბინეტში დაიბარეს და მმართველი პოლიტიკური გუნდის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო, ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავის არეში მიყენებული დაზიანების გამო, ბესიკ ქათამაძე საავადმყოფოშიც გადაიყვანეს.
ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, „რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს“. უწყების განცხადებით, „ოზურგეთის საკრებულოს შენობაში დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც, მან თავის არეში დაზიანება მიიღო“. შსს-მ მომხდარზე ბრალი ქართული ოცნების ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს ტარიელ აროშიძეს წარუდგინა, რომელიც ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 16 ივნისს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ოზურგეთის საკრებულოს შენობის წინ ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის აქცია გუშინ, დილის 11 საათიდან დაიწყო. ადგილზე პარტიის ლიდერი ნიკა მელიაც იმყოფებოდა. აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მომხრეები ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის წინ შიმშილობის დაწყების მიზნით, ადმინისტრაციულ შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ამას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
დაპირისპირების შემდეგ, აქციის ორგანიზატორებმა საპროტესტო აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს და ადგილობრივ ხელისუფლებას მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ვადა პარასკევამდე მისცეს. აქციის დასრულების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამი დეპუტატი, მათ შორის, ბესიკ ქათამაძე ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში შევიდა და საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის წინ შიმშილობა დაიწყო.
გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განმარტეს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა სამართლებრივი დავის შეწყვეტის სანაცვლოდ, ბესიკ ქათამაძეს ინციდენტში მონაწილე პირებთან ფიზიკური ანგარიშსწორება შესთავაზეს. მოგვიანებით, მედიასაშუალებებით ვიდეოც გავრცელდა, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ შეთავაზებას ასახავს. „ეს იყო ორგანიზებული დანაშაულის გაგრძელება იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩათრეული ყოფილიყო პროვოკაციაში და წარმოჩენილიყო როგორც დესტრუქციული ძალა“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით მჟავანაძემ. მისივე თქმით, საქმეზე დაწყებული გამოძიება უნდა გადაკვალიფიცირდეს, „როგორც ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული“ და ტარიელ აროშიძესთან ერთად, ბრალი ინციდენტში მონაწილე სხვა პირებსაც უნდა წარედგინოთ.
გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს შსს გამოეხმაურა და განმარტა, რომ უწყება ჩანაწერს შეისწავლის და ფაქტის შესახებ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება.
მომხდარზე 16 ივნისს განცხადება გაავრცელა პარტია ქართულმა ოცნებამ და ინციდენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის „პროვოკაციად“ შეაფასა. „თუმცა, აქვე ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და დაუშვებლად მიგვაჩნია ფიზიკური დაპირისპირება“, – ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში.
ინციდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც შეაფასა. „გუშინ იყო სამწუხარო ინცინდენტი ოზურგეთში, რაც მოჰყვა პროვოკაციას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ზოგადად, შეინიშნება გარკვეული ტენდენცია, თითქოს არის დავალება, რომ რეგიონებში განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, დაძაბულობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და იქვე გუნდის წევრებს, მოუწოდა, რომ „პროვოკაციებს არ აჰყვნენ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)