ეუთოს ელჩებმა საქართველოში ვიზიტის დროს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ისაუბრეს
ეუთოს წევრი სახელმწიფოების ელჩების ჯგუფი 10 წლიანი ინტერვალის შემდეგ, 19-21 ივნისს საქართველოს პირველად სტუმრობს. 25 წევრიანი დელეგაცია უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვახტანგ მახარობლიშვილს და პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს.
პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განმარტებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.
„პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ელჩებს იმ დახმარებისათვის, რასაც საქართველო გრძნობს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით“, – განაცხადა ფხალაძემ და პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ოკუპირებული რეგიონები საერთაშორისო მონიტორინგის მიღმა არ უნდა რჩებოდეს.
ეუთოს სამდივნოს ინფორმაციით, „ვიზიტის მიზანია, რომ ელჩებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადონ მხარდაჭერა სტაბილურობას, მშვიდობას და კეთილდღეობას ეუთოს ვალდებულებების და პრინციპების შესაბამისად“, ასევე მხარდაჭერა გამოხატონ ქვეყანაში ეუთოს ჩართულობის მიმართ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ელჩების ჯგუფი ცხინვალის რეგიონში არსებულ საოკუპაციო ხაზსაც მოინახულებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)