ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 44-ე რაუნდი 20 ივნისს გაიმართა. ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება დამასში საქართველოს, რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
თბილისის პოზიცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ განხილვის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის „წამება და მკვლელობა“, ასევე რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა იყო.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ ქართულმა მხარემ მოლაპარაკებების მონაწილეებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუალედური დასკვნა გადასცა და აცნობა, რომ საქართველოს პროკურატურამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლებს არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.
„საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას და მოუწოდეს, ხელი არ შეუშალოს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოს წარმომადგენლებმა ცხედრის დაგვიანებით, შინაგანი ორგანოების გარეშე გადმოცემა კიდევ ერთხელ დაგმეს და რუსეთის ფედერაციას ორგანოების დაუყოვნებლივ გადმოცემისკენ მოუწოდეს, რათა „შესაძლებელი გახდეს ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარება“.
ქართულმა მხარემ კიდევ ორი გახმაურებული მკვლელობის – გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის საკითხიც წამოწია და განაცხადა, რომ „ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფა უკვე შემაშფოთებელ ტენდენციად იქცა“.
საგარეო უწყების თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე, მათ შორის, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყვანასა და ორივე რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებაზე გამახვილდა. თბილისის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოსკოვმა ძალის არგამოყენების ვალდებულება უნდა აიღოს და შეასრულოს, თუმცა რუსულმა მხარემ ამ მოთხოვნას „ჩვეული ცინიზმით“ უპასუხა და „შეეცადა წარმოეჩინა, თითქოს მას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე შესრულებული აქვს“.
სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე „ვრცლად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება“, სადაც „აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციასა და უკანონო სამხედრო წვრთნებზე, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებზე“.
„მოლაპარაკებებზე აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის აუცილებლობაზე. აღინიშნა მისიის მიმართ რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების მიუღებლობა. ხაზი გაესვა, რომ მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია კიდევ უფრო აბრკოლებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის განხორციელებას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ „ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერება განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა ორივე სამუშაო ჯგუფში. საქართველოს წარმომადგენლებმა ეთნიკური წმენდის გაგრძელებად შეაფასეს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის იძულება უცხოელებად დარეგისტრირებაზე და მათი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების შემდგომი შეზღუდვა. შეშფოთება გამოითქვა აგრეთვე გალისა და ახალგორის რაიონებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მძიმე შედეგებთან დაკავშირებით“.
„თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე საგნობრივი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე. მათ ხაზი გაუსვეს ამ საკითხზე რუსეთის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციის მიუღებლობას. აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჟენევის დისკუსიების შესახებ განცხადება აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამაც გაავრცელა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციაზეცაა საუბარი.
რუსეთის, ცხინვალის და სოხუმის პოზიციები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 20 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მონაწილეებმა შეხედულებები გაცვალეს ჟენევის დისკუსიების ეფექტურობის ზრდაზე, რა დროსაც რუსმა დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ „ერთადერთი გზა, რომელიც ჟენევაში უფრო პროდუქტიულ მუშაობას უზრუნველყოფს“ იმაში მდგომარეობს, რომ თბილისი სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირ დიალოგზე დათანხმდეს და „საერთაშორისო ფორუმებზე კონფრონტაციული პროპაგანდა“ შეაჩეროს.
სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ეს პოზიცია ქართველმა დიპლომატებმა არ გაიზიარეს და კვლავ განაგრძეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შესახებ „აბსურდული თეზისის“ წამოწევა და არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის გარდაცვალების პოლიტიზირებას შეეცადნენ.
რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ყველა მონაწილე, საქართველოს გარდა, „შეთანხმდა, რომ სიტუაცია სასაზღვრო ზოლში სტაბილური და პროგნოზირებადია“.
რუსულმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების „პრაქტიკული გავლენა“ შემცირდა, ხოლო თბილისი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით, „ცდილობს სტაბილურობის გაძლიერებისკენ მიმართული სერიოზული პროფესიონალური მუშაობა აგრესიული პოლიტიკური პიარით ჩაანაცვლოს“. რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან „სახელმწიფო საზღვრები“ რეგულარულად ირღვევა, რაც სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებმა დაუშვებლად მიიჩნიეს და შეხვედრების სიხშირის შემცირება მოითხოვეს.
რუსულმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ ნატოს „მზარდი“ ყოფნა რეგიონში მიუღებელია და რომ ეს „სერიოზულ საფრთხეს“ უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას.
რუსეთის საგარეო უწყება ძალის არგამოყენების შეთანხმებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ“ მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ საკითხზე კონსტრუქციული დისკუსიების გამართვა. „ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვდა მიუღებელ ამერიკულ ვერსიაზე მუშაობის გაგრძელებას, რაც აფხაზებს და ოსებს დოკუმენტიდან პრაქტიკულად გამორიცხავს“.
მოსკოვმა თბილისი დევნილებზე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის გამოც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „არჩევანი კვლავ გაკეთდა საერთაშორისო ფორუმებზე უსარგებლო პროპაგანდისტულ მცდელობებზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე“.
სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლებებმა რუსეთის საგარეო უწყების განცხადების მსგავსი გზავნილები გააკეთეს. ერთობლივ განცხადებაში ცხინვალმა და სოხუმმა დევნილთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია დაგმეს და ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება, საბოლოო ჯამში კი სამშვიდობო ხელშეკრულება მოითხოვეს, „ერთის მხრივ, საქართველოს და მეორეს მხრივ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს შორის“.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების შეფასებები
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება შეაფასეს როგორც „შედარებით მშვიდი და სტაბილური“, თუმცა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების სათანადო გამოძიების საჭიროებას.
თანათავმჯდომარეებმა დისკუსიის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში განაგრძონ ინფორმაციის გაცვლა ამ და სხვა შემთხვევებზე, როგორიცაა გიგა ოთხოზორიას მკვლელობა 2016 წლის მაისში.“
თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ მათ შესთავაზეს მხარეებს, რომ განაგრძონ ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადების პროექტზე მუშაობა.
ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა დღის წესრიგის ყველა საკითხზე დისკუსიების დასრულება დევნილთა/ლტოლვილთა საკითხზე არსებული განსხვავებული მიდგომების გათვალისწინებით“.
თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს დღის წესრიგის ყველა საკითხზე კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდეს და აცნობეს მათ, რომ მათი ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ ჟენევის ფორმატი „უფრო ეფექტიანი და ნაყოფიერი გახდეს“.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 9-10 ოქტომბერს გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)