საქართველოსა და ესტონეთის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები და ნატოში ინტეგრაცია განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც 21-23 ივნისს სამდღიანი ვიზიტით ესტონეთს სტუმრობს, დღეს ის მის ესტონელ კოლეგას კერსტი კალიულაიდს და პრემიერ-მინისტრს იური რატასს შეხვდა, სადაც ბრიუსელის 11-12 ივლისის სამიტისგან საქართველოს მოლოდინებზე იმსჯელა.

მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორმა პრეზიდენტმა რეგიონული უსაფრთხოების, რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის, თბილისის არაღიარების პოლიტიკისა და ესტონეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტმა კალიულაიდმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია იამაყოს საკუთარი მიღწევებით, „დაწყებული ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებით და დამთავრებული პროგრესით ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გზაზე“. მანვე დასძინა, რომ მას მტკიცედ სჯერა, რომ საქართველო „მეტს იმსახურებს, ვიდრე მხოლოდ კეთილი და გამამხნევებელი სიტყვებია“.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა ანალოგიური გზავნილები გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ნატოს მომავალ სამიტზე ესტონეთს სურს „იმ დაპირების დადასტურება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტში გავაჟღერეთ – ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის და სხვა პოტენციური წევრებისთვის იმ პირობით, თუ ისინი საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ“.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონეთს პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდის მოწვევით სტუმრობს, სადაც ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიტვის და პოლონეთის ლიდერებთან ერთად, ქვეყნის პირველი დემოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების ასი წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)