დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო
დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. პატიმრობასთან ერთად, ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სამი წლით ჩამოერთვა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, მას დანიშნული სასჯელი ¼-ით შეუმცირდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა და თანამდებობის დაკავების უფლება ორი წლითა და სამი თვის ვადით შეეზღუდა.
საქალაქო სასამართლოს განცხადების თანახმად, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 2005 წლის 29 ივნისს დეპუტატ ვალერი გელაშვილის გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც „ეს უკანასკნელი შეურაცხმყოფელი ფორმით საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ“, მიხეილ სააკაშვილმა პირადი შურისძიების მოტივით, მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება განიზრახა და „ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯა“ იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს დაავალა. მისგან უარის მიღების შემდეგ, მან იგივე თხოვნით შს მინისტრს მიმართა, რომელმაც, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ორგანიზებით, მიღებული დავალება 2005 წლის 14 ივლისს შეასრულა.
„დაზარალებულმა ცემის შედეგად მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელმაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია“, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი „დაზარალებულთა და მოწმეების ჩვენებების, სატელეფონო ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე“ დადგა.
მოსამართლე შორენა გუნცაძემ განაჩენის წაკითხვის შემდეგ კომენტარი გააკეთა და მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდებაში პოლიტიკური მოტივები კატეგორიულად გამორიცხა.
განაჩენი შეაფასა ვალერი გელაშვილის ადვოკატმა თამაზ რუხაძემაც. მისი თქმით, „გამამტყუნებელი განაჩენი, რა თქმა უნდა, კარგია“, თუმცა დაზარალებული ფიქრობდა, რომ სასჯელი მაქსიმალური (12 წელი) უნდა ყოფილიყო.
სასამართლოს განაჩენს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც გამოეხმაურნენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, პროკურატურას და სასამართლოს, რომელიც „ხელს აფარებს მკვლელებს და მკვლელების მფარველებს“, საზოგადოების ნდობა აქვთ დაკარგული. მან სასამართლოს მიერ სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენს „ივანიშვილის ნაკარნახევი“ უწოდა. „რომ არსებობდეს სისხლის სამართლის კოდექსში დახვრეტის მუხლი, აუცილებლად გამოიყენებდა ბატონი ივანიშვილი ამ მუხლს იმ თვალსაზრისით, რომ რამენაირად იქნებ შეაკავოს ბატონი სააკაშვილი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური მოტივები კატეგორიულად გამორიცხა მმართველმა გუნდმა. დეპუტატ გიორგი კახიანის თქმით, დღეს, „დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებით“, „კიდევ ერთხელ დადასტურდა გონივრული ეჭვი იმისა, რომ ვალერი გელაშვილის ცემის უკან იდგა სწორედ საქართველოს პრეზიდენტი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)