რუსეთმა დაკავებული ქართველი მესაზღვრეები გაათავისუფლა

ორი ქართველი მესაზღვრე, რომლებიც რუსებმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ლაგოდეხი-დაღესტნის მონაკვეთთან დააკავეს, საქართველოს დღეს გადმოსცეს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

შსს-მ განცხადებაში გაიმეორა, რომ კომუნიკაცია მესაზღვრეებთან მას შემდეგ შეწყდა, რაც ისინი, მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად, მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გავიდნენ.

უწყების განმარტებით, „ქართველი მესაზღვრეების გათავისუფლება უმოკლეს ვადაში მოხდა“, შსს „მომხდარ ფაქტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა საჭირო ღონისძიებას განახორციელებს“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკას ესაზღვრება. ზამთრის განმავლობაში, დაღესტანში გადასასვლელი გზები დაკეტილია, თუმცა ზაფხულობით ისინი იხსნება, რის გამოც, დროებითი საზაფხულო საგუშაგო პოსტების გახსნის საჭიროება დგება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)