არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია შსს-ს და პროკურატურას მიმართავს

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ 2 ივლისს პროკურატურას მიმართა და საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მკვლელობაში მონაწილეობის თაობაზე სისხლის სამართლის საქმის აღძრა მოსთხოვა.

საპარლამენტო კომისიის თქმით, რეკომენდაცია საქმის მასალებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლების, კახაბერ სირაძის და ზვიად ფხაკაძის ჩვენებებს ეფუძნება.

„ცივი იარაღით“ დაზიანების მიყენების ფაქტზე, იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც საქმის მასალებში გ.მ.-ს ინიციალებით არის იდენტიფიცირებული, კომისიამ დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყების რეკომენდაციით შსს-საც მიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნათია მეზვრიშვილს მიაჩნია, რომ კომისიის რეკომენდაციები „ფორმალურ“ ხასიათს ატარებს და რომ საქმის გამოძიება უკვე მიმდინარეობს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არასრულწლოვნების მკვლელობის უკვე საქმეზე ორი პირია დაკავებული. მანვე სხვა პირების დაკავების შესაძლებლობაც არ გამორიცხა.

მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, რომელმაც მიხეილ კალანდიას დაკავების მოთხოვნით, ღამე შსს-ის ტერიტორიაზე გაატარა, დღეს სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება კვირის ბოლოს მკვლელობის საქმეზე რადიკალური ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ კალანდიას წინააღმდეგ საქმის აღძვრისთვის, საქმის მასალები საკმარის მტკიცებულებას შეიცავს.

საპროტესტო აქციები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, გასული წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვნის საქმეზე 31 მაისის გადაწყვეტილებას მოჰყვა. სასამართლომ ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინა.

ფართომასშტაბიანი პროტესტი თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე დღეს გაგრძელდა. დემონსტრანტები საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომასა და საქმეში მონაწილე ყველა დამნაშავის სათანადოდ დასჯას ითხოვდნენ. ირაკლი შოთაძემ თანამდებობა იმავე დღეს დატოვა. თუმცა, საპროტესტო აქციები ამით არ დასრულებულა.

თბილისში, პარლამენტის წინ, დემონსტრაციები ოთხი დღე მიმდინარეობდა. იქ შეკრებილები სამართალდამცველი სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებას, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობისსრული შემადგენლობით გადადგომას ითხოვდნენ. აქციებიდან რამდენიმე დღეში პრემიერმა კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)