აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბ პატარაძეს ეს თანამდებობა 2016 წლის ივლისიდან ეკავა.
პატარაძემ განმარტა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება გუნდურად მიიღეს. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არის, იყო და იქნება „ქართული ოცნების გუნდის წევრი. „მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ არ ვაგრძელებ მუშაობას, ძალიან მალე თქვენ გექნებათ ინფორმაცია თუ სად და როგორ. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როტაცია და აბსოლუტურად გამართლებული“, – დასძინა პატარაძემ.
რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, პატარაძის განმარტებით, „ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები და ამის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“.
პატარაძემ თავის 10 წუთიან სიტყვაში თანამდებობაზე მუშაობის ორწლიანი პერიოდიც შეაჯამა და რეგიონში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
ზურაბ პატარაძემ ფონდი „ქართუს“ მიერ რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები ცალკე გამოყო, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა. პატარაძემ რეგიონში ტურისტების გაზრდილ რაოდენობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ტურისტული სეზონი „კარგად მიმდინარეობს და რეგიონი სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს“.
შეფასებები
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა შეაფასეს ოპოზიციაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის რეგიონული წარმომადგენლის გიორგი კირთაძის შეფასებით, ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ისე ცვლის რეგიონის პირველ პირს, რომ მან ამის შესახებ „ფორმალურად მაინც არჩეულ უმაღლეს საბჭოს დეპუტატებსაც კი არ ჰკითხა“. მისივე თქმით, ზურაბ პატარაძე ისე ტოვებს თანამდებობას, რომ „მისი სახელი დაკავშირებული იქნება უამრავ გადათხრილ ადგილთან აჭარაში“. „ხეების თრევის მეტი არ ვიცი, გავაჩეროთ და ვკითხოთ რა გაკეთდა განსაკუთრებული აჭარაში. განადგურდა აჭარის ზღვისპირა საუკეთესო ნაწილი“, – აცხადებს ის.
ევროპული საქართველოს წევრის პეტრე ზამბახიძის შეფასებით კი „ქართულმა ოცნებამ ვერ უზრუნველყო სტაბილური მმართველობა რეგიონში და მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდა და მდგომარეობა დღითი-დღე უარესდება”, რაც მისივე თქმით, იმის შედეგია, რომ „ერთი ადამიანი და მისი ინტერესები წყვეტს ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში“.
კანონმდებლობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ერთიანად ეყრება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის (21) უმრავლესობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)