ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია
ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი, რომელიც 6 ივლისს თბილისს სტურობდა, თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათ ბრიუსელსში 11-12 ივლისს დაგეგმილ ნატოს სამიტზე ისაუბრეს. რეინდერსმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ნატოს „მნიშვნელოვანი პარტნიორია“ და დასძინა, რომ ბელგია იმედოვნებს, რომ სამიტის შემდეგ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
მან ბელგიის მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დასძინა, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მიღება შეუძლებელია.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნდეს და ამ კუთხით დახმარების პირობა დადო. იგი ასევე მიესალმა საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას და იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე „შემდგომი პროგრესი“ იქნება მიღწეული.
თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა თავის ბელგიელ კოლეგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)