ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო საპრეზიდენტო არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდა
ორი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო 2018 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდა.
შეთანხმებას ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემ და ევროპული საქართველოს წევრმა გიგა ბოკერიამ ხელი ევროპის სახალხო პარტიის ცენტრალურ ოფისში გუშინ მოაწერეს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი ერთმანეთის კანდიდატებს დაუჭირონ. ასევე, კამპანიის დროს, ერთმანეთზე თავდასხმისგან თავი შეიკავონ და პირველ და მეორე ტურებში „მაქსიმალურად მოახდინონ ამომრჩევლის მობილიზება, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა“.
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი, რომელმაც დეკლარაციას ხელი პარტიის სახელით მოაწერა, Twitter-ზე ამ ინიციატივას მიესალმა.
რამდენიმეთვიანი შიდაპარტიული დავის შემდეგ, 2017 წლის დასაწყისში, ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო. 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ორი პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობდა, რა დროსაც, ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 17 %, ხოლო ევროპულმა საქართველომ ხმების 10 % მიიღო.
ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიას დამკვირვებლის სტატუსით 2008 წელს, ხოლო ევროპული პარტია 2017 წლის სექტემბერში შეუერთდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)