აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ  

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ნატოს ბრიუსელის სამიტში მონაწილეობს, საქართველოს შესახებ 12 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს ალიანსში გაწევრიანების შანსი, „თუმცა არა ახლა“.

„რაღაც ეტაპზე მათ აქვთ შანსი, თუმცა არა ახლა“, – განაცხადა ტრამპმა. მანამდე მან ისიც აღნიშნა, რომ „საქართველოსთან დაკავშირებით, რთული სიტუაციაა შექმნილი“, თუმცა საქართველოს დელეგაციამ „ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა“.

საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ნატოს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, ნატო-საქართველოს კომისიის დღევანდელ სხდომაზე, აშშ-ის პრეზიდენტან დონალდ ტრამპთან ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა.

მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას და აშშ-ის როლს საქართველოს ნატოში მისწრაფების მხარდაჭერის კუთხით.

პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს ნატოს საერთაშორისო მისიებში და აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)