ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ
მთავარ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება–გაფლანგვის ფაქტებზე. პროკურატურაში ასევე ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოიკითხნენ ყოფილი მინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე.
დიმიტრი ქუმისშვილის განცხადებით, კითხვები, რომელიც პროკურატურაში დაუსვეს, მასთან „პირდაპირ დაკავშირებული“ არ იყო.
„პროკურატურამ მთხოვა, ჩემი მოსაზრება დამეფიქსირებინა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, მინდა აღვნიშნო, რომ იყო ისეთი საკითხი, რომელიც ჩემი მინისტროების დროს, ჩვენვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში… კითხვები, რომელიც იყო დასმული, ყველა ამ კითხვაზე მე მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გავეცი“, – განაცხადა მედიასთან საუბრისას დიმიტრი ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებდა.
წერილობითი განცხადება გაავრცელა ზურაბ ალავიძემაც, სადაც ის ადასტურებს, რომ მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა და შეკითხვები მის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ასევე შემდგომ პერიოდში, ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს და შესყიდვებს შეეხებოდა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)