მამუკა ბახტაძე: საქართველო მტკიცედ დგას ევროინტეგრაციის გზაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც 18-20 ივლისს მის ახალ რანგში პირველი უცხოური ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობდა, ევროპის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ევროკავშირში მისწრაფებების ერთგული რჩება.
„დღეს, როგორც არასდროს, მოტივირებულნი ვართ, რომ გავაკეთოთ უფრო მეტი და წავიდეთ უფრო შორს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ბახტაძემ 19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური სისტემა „ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაშია“ და რომ „ჩვენ ვაპირებთ, რომ უზრუნველვყოთ ახალი დინამიკა, რაც გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკურ მოდერნიზაციას და დემოკრატიულ ტრანსფორმაციას“.
ბახტაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წლის თავზე, მოსკოვი „აუარესებს უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც გავლენა მოხდინა კონფლიქტმა“. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც „ევროკავშირის საიმედო მოკავშირეს“ წვლილი შეაქვს ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში.
თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის „ურყევი მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და პირობა დადო, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, „მისი გამძლეობისა და შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა იქნას მიღწეული“.
ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო გამოწვევებით აღსავსე სამეზობლოში იმყოფება და გადამწყვეტ როლს ასრულებს ურთიერთობათა დალაგების, ხელშეწყობისა და „ხიდების აგების” სფეროში. მისივე თქმით, საქართველო „კონსტრუქციულ როლს“ ასრულებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, ისევე როგორც ევროპული და ტრანს-ატლანტიკური მისიების ფარგლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
ბრიუსელში მამუკა ბახტაძე ასევე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანს, ევროკომისარს ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისს და ევროპის სხვა ოფიციალურ პირებს, მათ შორის, ბელგიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, დიდიერ რეინდერს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)