აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგიონის ახალი მთავრობა დაამტკიცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 21 ივლისს რეგიონის ახალი მთავრობა დაამტკიცა.
აჭარის მთავრობის ახალი ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე და მისი ოთხწევრიანი მთავრობა რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ 14 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. მთავრობას უმაღლესი საბჭოს ნდობის მოსაპოვებლად მხოლოდ 11 ხმა სჭირდებოდა.
რიჟვაძის მთავრობაში ოთხი მინისტრიდან ორი ახალი იქნება.
ტიტე აროშიძე – ბათუმის დემოკრატიული ინსტიტუტის უკვე ყოფილი ექსპერტი, სოფლის მეურნეობის მინისტრი იქნება. ჯაბა ფუტკარაძე – Grant Thornton Georgia-ს საკონსულტაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს.
ზაალ მიქელაძე და ინგა შამილიშვილი კი, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის და განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრების პოსტებს შეინარჩუნებენ.
დეპუტატების წინაშე გამოსვლისას, რიჟვაძემ განაცხადა, რომ მისი მთავრობა სამთავრობო ინსტიტუტების გამჭირვალობას და ეფექტიანობას გაზრდის.
ის პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტს გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ „სამართლიან წესებს“ შემოიღებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, მათ შორის, ბიზნესგარემოს გაუმჯსობესების და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომის ზრდის გზით.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის ტურიზმის სექტორის გასაუმჯობესებლად დეტალურ პოლიტიკას წარმოადგენს და განაცხადა, რომ ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, იმუშავებს იმისათვის, რომ რეგიონი უცხოური კომპანიებისთვის ჰაბი გახდეს.
როდესაც მას ბათუმში მეჩეთის აშენების გეგმებზე ჰკითხეს, რაც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე რამდენჯერმე გადაიდო, რიჟვაძემ განაცხადა: „პრინციპული პოზიცია ჩვენი გუნდის და ხელისუფლების არის, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს ქართული ფულით და ჩვენ ყველა რესურსს და ძალისხმევას მივმართავთ ამ მიზნით“. მან ასევე განაცხადა, რომ ადგილმდებარეობის, დაფინანსებისა და სხვა დეტალები საზოგადოების ფართო მონაწილეობით გადაწყდება.
უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომას ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და პატრიოტთა ალიანსის წევრებიც ესწრებოდნენ, თუმცა მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ევროპული საქართველოს დეპუტატმა კი, მთელ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა.
29 წლის თორნიკე რიჟვაძე, რომელიც ენერგეტიკის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა, ქართულმა ოცნებამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად 6 ივლისს დაასახელა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 4 ივლისს ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა, რასაც რეგიონის მთავრობის გადადგომა და ახალი მთავრობის ფორმირების პროცედურები მოჰყვა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა 17 ივლისს წარადგინა, რის შედეგადაც, აჭარის მთავრობის ფორმირების პროცესზე მასსა და ქართულ ოცნებას შორის თითქმის ერთკვირიანი უთანხმოება დასრულდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)