ცხინვალის ლიდერი სირიაში ბაშარ ალ-ასადს შეხვდა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი სამდღიანი ვიზიტით დამასკოს სტუმრობს, სადაც 23 ივლისს სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს შეხვდა და მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ცხინვალის ხელისუფლების ინფორმაციით, შეხვედრაზე ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა ასადს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის აღიარებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ურთიერთობების გაძლიერება „დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესებში“ იქნება.
„თქვენი აღიარება ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამხრეთ ოსეთის აღიარებით, სირიამ აჩვენა თავისი დემოკრატიული ღირებულებები და ერთგულება საერთაშორისო ნორმების მიმართ, რაც განსაზღვრავს თითოეული ერის უფლებას, რომ სხვა თავისუფალ ერებს შორის საკუთარი ადგილი იპოვოს“, – განაცხადა ბიბილოვმა.
თავის მხრივ, ასადმა მადლობა გადაუხადა ბიბილოვს „ტერორიზმის და მისი მხარდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგ“ სირიის ძალისხმევის მხარდაჭერისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ ვიზიტი ადასტურებს ბიბილოვის პატივისცემას საერთაშორისო სამართლის მიმართ, „განსხვავებით დასავლეთის დიდი ნაწილისა, რომელმაც არაფერი იცის დიქტატის პოლიტიკის გარდა“.
ანატოლი ბიბილოვი სირიაში 25 ივლისამდე დარჩება, სადაც ის პრემიერ-მინისტრ იმად ხამისს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ჰამუდა ალ-საბაგს შეხვდება. მის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ცხინვალის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვალიდ ალ-მუალემთან „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების“ შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
საპასუხოდ, თბილისმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. რამდენიმე ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის, ნატომ, აშშ-მა და ევროკავშირმა სირიის მიერ ორი ოკუპირებული რეგიონის აღიარება დაგმო.
ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება სირიის ოპოზიციურმა პლატფორმებმა – ეროვნულმა კოალიციამ და უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტმაც დაგმეს და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)