საქართველოში მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ ჩატარდება
1-15 აგვისტოს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ გაიმართება. სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება და ურთიერთთავსებადობის ამაღლებაა.
სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, 1 300 ქართველი და 1 170 ამერიკელი სამხედრო, ასევე 500 სამხედრო სხვა მონაწილე ქვეყნებიდან, რომელთა შორის არის სომხეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.
„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება და სწავლების სცენარი თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში საბრძოლო სროლებით სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას ითვალისწინებს .
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 23 ივლისს განაცხადა, რომ წლევანდელ სწავლებებზე სამხედროებისა და სამხედრო ტექნიკის ზრდა არის აღიარება, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ნატოს სხვა მოკავშირეებისა და პარტნიორების „ღირსეული პარტნიორია“. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სწავლების მიზანი ქვეყანაში და რეგიონში უსაფრთხოების და მშვიდობის გაძლიერება იქნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)