ბიძინა ივანიშვილი ბოლოდროინდელ მოვლენებს აფასებს და პრიორიტეტებზე საუბრობს
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს პარტიის სათავეში დაბრუნების შემდეგ, პირველი ინტერვიუ მისცა.
საათნახევრიან ინტერვიუში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 24 ივლისს გაასაჯაროვა, ბიძინა ივანიშვილმა პარტიულ პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზები განმარტა და რიგ სხვა საკითხებზე, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომასა და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა.
ივანიშვილმა ბევრი ისაუბრა თავის დაბრუნებაზე, რა დროსაც აღნიშნა, რომ მისი დაბრუნების მთავარი მიზეზი მზარდი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, სტაბილურობისა და დემოკრატიული უწყვეტობის უზრუნველყოფა იყო.
„საქართველოში არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მცირე ეკონომიკის, ღარიბი ეკონომიკის შემთხვევაში, დემოკრატიული ღირებულებები შესადარია დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „დემოკრატიული ღირებულებები უფრო სწრაფად ვითარდება ქვეყანაში, ვიდრე მას ეწევა ეკონომიკა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო და სახელმწიფოს სტაბილურობა არის მოწყვლადი“.
„მოგეხსენებათ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს ელემენტარული სამუშაო ადგილები, ძალიან ხშირად ვერ ახერხებენ ბავშვებს სწავლის ფული გადაუხადონ, ცარიელია მაცივრები და ამ ფონზე, როდესაც მაქსიმალურად უზრუნევლყოფილია გამოთქმის და სხვა დემოკრატიული ღირებულებები და ავანტიურისტები ძალიან ბევრია ქვეყანაში, განსაკუთრებით უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან, ძალიან რთულია სიტუაციის სტაბილურად დაჭერა და ამას სჭირდებოდა დამატებით ჩემი რესურსი“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მოგვიანებით, ინტერვიუში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი „მიზანი და ოცნება“ 2030 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის მშპ-ის 4 000-დან 12 ათასამდე გაზრდაა, რაც შეამცირებს ზღვარს და ქვეყანაში დემოკრატიას გააძლიერებს.
დაბრუნების კიდევ ერთი მიზეზი, ივანიშვილის თქმით, იმის შეგრძნება იყო, რომ მმართველი პარტია დაშლას იწყებდა. „გუნდში შეიმჩნეოდა გუნდურობის დაკარგვა და იყო ეჭვი იმისა, რომ გუნდი შეიძლება დაიშალოს. მე ამას ყურადღებით ვაკვირდებოდი და კრიტიკულ სიტუაციაში [დავბრუნდი], როდესაც ვნახე, რომ გარედან ჩემი კონტროლით საკმარისი არ იყო რესურსი იმისა, რომ გუნდი შენარჩუნებულიყო და ვერტიკალი გამყარებულიყო“, – განაცხადა მან.
კვირიკაშვილი ეფექტიანი აღარ იყო
შემდეგ ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მას აღარ შეეძლო მართვა, მოკლედ რომ ვთქვათ და მართვის ის მეთოდები, რომელსაც კვირიკაშვილი იყენებედა არ იყო ეფექტური“.
„კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად მართვაში და, მითუმეტეს, პატარა ქვეყნის და ჩვენი გუნდის შემთხვევაში. პარლამენტი პრაქტიკულად ჩახსნილი იყო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში… და მთავრობაშიც ვერ ხერხდებოდა ძალიან ხშირად პრინციპული საკითხების განხილვა და შეჯერება“, – განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ და დასძინა, რომ „ძირითადად, ორ კაცთან, ალავიძესთან და ქუმისშვილთან ახერხებდა ის, როგორც ჩანდა, გადაწყვეტილებების შეთანხმებას“.
ივანიშვილმა ქართული ოცნების პარტიის ოფისში 12 ივნისს, კვირიკაშვილის გადადგომამდე ერთი დღით ადრე გამართული შეხვედრაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინტერესების ნაცვლად, ბიზნეს ინტერესების ლობირებისთვის მკაცრად აკრიტიკებდნენ.
„რა თქმა უნდა, ბიზნესის ლობირება აუცილებელია ყველა ჩინოვნიკისგან. მე პირადად მოწოდებული ვარ არა როგორც ჩინოვნიკი, არამედ როგორც მოქალაქე და იმავეს მოვუწოდებდი ყველას, რომ მაქსიმალური დახმარება და ლობირება უნდა გავუწიოთ შიგნითაც და განსაკუთრებით გარეთაც, მაგრამ არც პრემიერს და არც მინისტრს არ უნდა დაავიწყდეს ის ვალდებულებები, რაც მას აქვს კანონით განსაზღვრული, სახელმწიფო ინტერესების დაცვა, ეს ბალანსი არ უნდა დაირღვეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.
„კვირიკაშვილი ცდილობდა და, რა თქმა უნდა, მას ჰქონდა საშუალება გამოსვლის და რამდენჯერმე შეეცადა გამოსვლას და საპირისპირო აზრის გამოთქმას. დასასრულს ჩანდა, რომ კარგად დაინახა მანაც და მთელმა გუნდმაც, რომ აღარ ჰქონდა რესურსი მართვის, აღარ ჰქონდა ნდობა არც პარლამენტში და არც მთავრობაში და ეს გახლდათ სწორედ მიზეზი მისი გადადგომის“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „მას არ ჰქონდა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც“.
მოგვიანებით ინტერვიუში ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის მთავრობამ ბანკებისთვის რეგულაციების შემოღება დააგვიანა, რასაც ჭარბვალიანობა მოჰყვა.
ის ყოფილი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან, დიმიტრი ქუმსიშვილსა და ზურაბ ალავიძესთან დაკავშირებულ გამოძიებასაც შეეხო და განაცხადა, რომ პროცესი „ნორმალურია, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება მსგავსი მოხდეს“.
იმედი ახალი მთავრობის მიმართ
ბიძინა ივანიშვილმა კვირიკაშვილის ადგილმონაცვლეზეც ისაუბრა და დაადასტურა, რომ მან გარკვეული როლი ითამაშა და წვლილი შეიტანა ახალი მთავრობის შერჩევის პროცესში.
„მე მიმაჩნია, რომ მამუკა ბახტაძე კომპეტენტურია გაუძღვეს დღევანდელ მთავრობას. როგორც ფინანსთა მინისტრის რანგში, მან ძალიან ბევრი კარგი პროექტი შემოიტანა, ინოვაციური წინადადებები ჰქონდა მას, რაც ინერგება კიდეც…სხვა დანარჩენი, ალბათ, უფრო გვიან უნდა შევაფასოთ, მთავრობა რამდენად სწორად იქნა შერჩეული და დაკომპლექტებული“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ბახტაძე პარლამენტთან კომუნიკაციას გაააქტიურებს და უფრო აქტიურად ჩაერთვება ცალკეული სამინისტროების მუშაობაში, რაც „არ ხდებოდა, სამწუხაროდ, კვირიკაშვილის ხელისუფლების დროს“.
გარედან კონტროლი ეფექტიანი აღარ არის
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში საკუთარ როლსაც შეეხო და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის მმართველობის დროს, ის არ მონაწილეობდა და არც ცდილობდა, რომ ჩართული ყოფილიყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მისი თქმით, ის მხოლოდ ერთხელ შეეცადა ჩარევას, როდესაც მიანიშნა, რომ „ბანკებმა გადაჭამეს მთელი ქვეყანა“ და რომ რეგულაციების შემოღება იყო აუცილებელი, თუმცა, მისი თქმით, მან შედეგს ვერ მიაღწია.
„იმას, რასაც მაბრალებენ და არაფრომალურ მმართველობას ეძახიან, მათ ერევათ საზოგადოებრივ კონტროლში…მე მაქვს საზოგადოების გარკვეული ნდობა და ამ ნდობით მე შემიძლია ვისარგებლო ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერი ხელისუფალი გავაკრიტიკო“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საზოგადოებას აკლია გამოცდილება, რომ ოფიციალური პირები ანგარიშვალდებულები ამყოფოს და ის სწორედ ამ სიცარიელეს ავსებს.
„ახლა დავბრუნდი მართვაში, ვნახე რომ გარედან კონტროლს ვეღარ ვახერხებდი… ის რომ მეთქვა, რაც უმრავლესობის შეხვედრაზე კვირიკაშვილს ვუთხარი, რომ ჩემი პოზიციაა, რომ უნდა გადადგე და გამოვალ და გარეთაც ამას ვიტყვი, ეს რომ მეთქვა მანამდე, სანამ მე თავმჯდომარედ გავფორმდებოდი, ალბათ, სიცილით მოკვდებოდა კვირიკაშვილი“, – განაცხადა ივანიშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნები
ივანიშვილის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატზე კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა. „რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი, იქ ზურაბ აბაშიძე, სოზარ სუბარი, სერგეენკო, ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი და ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს ჩვენ, ვინც მართლა შეიძლება პირველივე ტურში მოახერხოს და გაიმარჯვოს“, – განაცხადა მან.
„ჩემი პოზიციაა პირველივე დღიდან, რაც მსჯელობა დაიწყო რამდენიმე თვის წინ, იყო განსხვავებული, თავში გულწრფელად გეტყვით, რომ შეიძლება არავინ არ დამიჭირა მხარი, დროში მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა. ჩემი პოზიციაა, რომ თუ ჩვენ ჭეშმარიტად და გულწრფელად, ქართული ოცნების წევრებს აქედანაც ველაპარაკები, ვინც დღესაც წინააღმდეგი არიან და არ იზიარებენ ჩემს პოზიციას, გვსურს, რომ საქართველო დემოკრატიული მიმართულებით სწრაფად განვითარდეს და დემოკრატიული ინსტიტუტებიც გაღრმავდეს სტაბილურობის მხრივ, მე პოზიცია მაქვს, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი“, – განაცხადა ივანიშვილმა.
„ქვეყნისთვის და ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული განვითარებისთვის, უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ან დამოუკიდებელ კანდიდატს, სამწუხაროდ პარტიებიდან ჩვენ ვერავის ვერ დავუჭერთ მხარს, თუ ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება, დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება ღირსეული კანდიდატი არც არავის არ დავუჭიროთ მხარი და ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს ინსტიტუტი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „პოზიცია მარტივია, დღეს გამგებლიდან დაწყებული პრემიერის ჩათვლით, მთელი ხელისუფლება ეკუთვნის ქართულ ოცნებას და პარლამენტში ჩვენ გვყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში“.
„რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ქართულ ოცნებას, მაგრამ ქართული ოცნება არ არის ჩემთვის ძირითადი, ძირითადი არის ქვეყანა და სახელმწიფო. სახელმწიფო განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ იყვნენ კიდევ უფრო ძლიერი პარტიები, რომ საზოგადოებას არჩევანი ჰქონდეს და იყოს კონკურენცია“, – აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და რომ ქართული ოცნება ამ საკითხზე მომდევნო დღეებშიც იმსჯელებს.
საგარეო პოლიტიკა
ივანიშვილმა მოკლედ ისაუბრა საგარეო პოლიტიკაზეც და აღნიშნა, რომ „საკამოდ რთული და დაძაბული მდგომარეობაა მსოფლიოში და რომ „ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ძალიან მობილიზებული, რომ რამე ახალ ავანტიურას არ დავექვემდებაროთ და რამე პროვოკაციას კიდევ არ წამოვეგოთ“.
„უნდა ვიყოთ გუნდის შიგნით მყარად შეკრული, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ფასი. უნდა ვიცოდეთ ჩვენი ადგილი, ჩვენი შესაძლებლობები კარგად და აი ამ ფონზე, როდესაც მიდის გლობალური მოლაპარაკებები არ დავკარგოთ და არ გავიუარესოთ მდგომარეობა და პირიქით, მოვახერხოთ, რომ გარკვეული ცვლილებების ფონზე, ჩვენ საკუთარი მდგომარეობაც გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა მან.
„ამას სჭირდება ძალიან პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. ამას სჭირდება ძალიან მობილიზებული და ეფექტური ხელისუფლება, რაც პრინციპში, დღეს ხდება ჩვენს სახელმწიფოში და მე მგონია, რომ ჩვენ ნებისმიერ გამოწვევებს დავუდგებით, თუ ასეთი მობილიზებულები ვიქნებით და საზოგადოების მხრიდანაც იქნება ასეთი მხარდაჭერა“, – დასძინა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)