პრემიერ-მინისტრმა ხუთი რეგიონის გუბერნატორი გაათავისუფლა
პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შიდა ქართლის, მცხეთა–მთიანეთის, სამეგრელო–ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონების რწმუნებულები თანამდებობიდან გაათავისუფლა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ–მინისტრს რწმუნებულების გათავისუფლების კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ მთავრობის მიზნებიდან გამომდინარე, „აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონის მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თავლსაზრისით“.
პრემიერის გადაწყვეტილებით, თანამდებობები შემდეგმა გუბერნატორებმა დატოვეს:
- აკაკი მაჭუტაძე – ის შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე 2018 წლის მარტში დაინიშნა. 2013-2018 წლებში ის სამცხე–ჯავახეთის რეგიონის რწმუნებული იყო;
- ლევან ზაუტაშვილი – ის მცხეთა–მთიანეთის რწმუნებული 2017 წლის ივლისიდან იყო;
- ლევან შონია – მას სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტი 2013 წლიდან ეკავა;
- გრიგოლ ნემსაძე – ის ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე 2017 წლის მაისში დაინიშნა;
- კახა სამხარაძე – მას სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულის თანამდებობა 2018 წლის მარტიდან ეკავა. მანამდე ის, შიდა ქართლის გუბერნატორი იყო.
პრემიერის განცხადებით, ის ახალ გუბერნატორებს საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენს, მათ შორის, იმერეთის ახალ რწმუნებულსაც. ეს თანამდებობა ვაკანტური მას
შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის მარტში, გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ თანამდებობა ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა.
საკუთარ თანამდებობებს ინარჩუნებენ რაჭა–ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და კახეთის გუბერნატორები. დღეს მედიაში ინფორმაცია გურიის სამხარეო რწმუნებულის მერაბ ჭანუყვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებაც გავრცელდა, თუმცა პრემიერს მისი გათავისუფლების შესახებ არ უსაუბრია.
დღესვე, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გადავა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. მიმდინარე წლის 16 ივლისს, სოზარ სუბარი რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ–მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.
მამუკა ბახტაძის თქმით, დღემდე არსებული რეგიონული მართვის სისტემა „სამწუხაროდ ვერ პასუხობდა“ იმ გამოწვევებს, რაც დღესდღეობით რეგიონებშია, სტრუქტურის გადმოტანა კი რეგიონული პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით, „მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)