ადიგენში ევროპული საქართველოს დეპუტატი ქართული ოცნების აქტივისტებს ცემაში ადანაშაულებს
ადიგენის საკრებულოს დეპუტატი ევროპული საქართველოდან ზურაბ შაინიძე ქართული ოცნების აქტივისტებს მისი და მისი ოჯახის წევრების ცემაში ადანაშაულებს.
ინციდენტი 28 ივლისს „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულზე მოხდა. დეპუტატის განმარტებით, მისი შვილის მეგობრებსა და ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ფეხბურთის თამაშის გამო დაიწყო და სიტუაცია მისი ჩარევის შემდეგ, მალევე განიმუხტა. თუმცა, მოგვიანებით, მათ „კეტებით“ შეიარაღებული ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე ათეული წევრი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შაინიძის თქმით, ანგარიშსწორებას პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავის, ზედა და ქვედა კიდურებისა და ზურგის არეში მიღებული დაზიანებების გამო, ზურაბ შაინიძე და ორი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ზურაბ შაინიძის განცხადებით, ეს ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან მუქარისა და თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი ინციდენტები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხშირია. „ბევრჯერ ფიზიკურადაც გასწორებიან ჩემს შვილს თუ ახლობლებს. ახლაც, როგორც კი მიზეზი მიეცათ, ხელკეტებით გაგვისწორდნენ“, – განუცხადა მან ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასაშუალებას „სამხრეთის კარიბჭეს“.
ადიგენის ინციდენტს 30 ივლისს ევროპული საქართველო ბრიფინგით გამოეხმაურა. ოთარ კახიძის შეფასებით, ეს არის „ქართული ოცნების მიერ წლების განმავლობაში დათესილი პოლიტიკური სიძულვილის“ პირდაპირი შედეგი და „გაგრძელება აქამდე დაუსჯელი ძალადობების“. მან მომხდარზე „პირდაპირი პასუხისმგებლობა“ ქართულ ოცნებას დააკისრა და ხელისუფლებისგან ყველა დამნაშავე პირის მიმართ „კანონის შესაბამისი უმკაცრესი ზომების გატარება“ მოითხოვა.
მომხდარს 29 ივლისს განცხადებით უპასუხა ქართულმა ოცნებამაც. პარტიის პრესსამსახურის განმარტებით, „ინციდენტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე და ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია“.
„პოლიტიკური გაერთიანება ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და გამორიცხავს ვინმეს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება სიმართლეს დაადგენს და დამნაშავე პირები სათანადოდ დაისჯებიან“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს–ის ინფორმაციით, ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი და პირველი პრიმა პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე, ანდა თავისუფლების აკვეთით ვადით ორ წლამდე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)