საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის არსებული სანქციები გააუქმა
საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სანქციები არაკონსტიტუციურად ცნო.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ პოლიტიკური გაერთიანება გირჩის წევრების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელზე გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა.
მოსარჩელე მხარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც მარიხუანის მოხმარებისთვის 500 ლარიან ჯარიმას ან ერთიდან ექვს თვემდე გამოსასწორებელ სამუშაოებს აწესებდა. მოსარჩელე მხარე განმარტავდა, რომ მარიხუანის მოხმარება არ არის საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი ქმედება და მას ზიანის მიყენება მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობაზე შეუძლია, რომელიც „თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე“.
თავის მხრივ, მოპასუხე მხარე, საქართველოს პარლამენტი აღნიშნავდა, რომ „მარიხუანის მოხმარება არის ზიანის მომტანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და აუცილებელია მოსახლეობის, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა დაცვა მარიხუანისგან მომდინარე ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგებისგან“.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას“. შესაბამისად, მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის დაწესება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, რომლის მიხედვითაც „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“.
თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია, თუ ამით საფრთხე ექმნება მესამე პირს და ამ „ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან არასრულწლოვანთა თანდასწრებით. აღნიშნული პირობის დარღვევისთვის, პირი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, „საქართველო გახდა უფრო თავისუფალი ქვეყანა“ და „ადამიანებს ამ ქვეყანაში მარიხუანის მოხმარების გამო ვეღარ დასჯიან“. ამ საკითხზე გირჩის სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ მიმდინარე წლის მაისში დაიწყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)