მარიხუანის მოხმარებისთვის სანქციების მოხსნას საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოწოდებები მოჰყვა
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სანქციების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კრიტიკა და პოლიტიკური პარტიების განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.
ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც სარჩელი საკონსტიტუციო შეიტანა, გუშინდელ ბრიფინგზე სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ „ამ გადაწყვეტილებით საქართველო გახდა გაცილებით უფრო თავისუფალი ქვეყანა“.
„საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ პოსტ-საბჭოთა სივრცეში არის პირველი ქვეყანა, სადაც მარიხუანის მოხმარება არის სრულად ლეგალური, ანუ ადამიანებს ამ ქვეყანაში მარიხუანის მოხმარების გამო ვეღარ დასჯიან სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
31 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და ის „ერის ღალატად“ შეაფასა.
„იმ სტატისტიკური მონაცემებით, რა ცნობიერებაც არსებობს ნარკოტიკების ზიანთან დაკავშირებით ჩვენს ახალგაზრდებში, ასეთი დაშვება, ასეთი გაიოლება ამ საკითხისა მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს“, – განაცხადა დეკანოზმა და დასძინა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო „საერთოდ გასაუქმებელია“.
„როგორ შეიძლება, ოთხი კაცი, რომელიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებენ, უგულვებელყოფდნენ ოთხი მილიონი ადამიანის ნებას და გაუგებარი ლოგიკით ღებულობდნენ სრულიად დამღუპველ გადაწყვეტილებებს“, – განუცხადა დეკანოზმა ჟურნალისტებს.
ანალიოგიური მოწოდებები გაახმოვანა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმაც. „მარიხუანის მოწევაზე ადამიანის ციხეში დაჭერა რომ არ შეიძლება, ამაზე საზოგადოების ძირითადი ნაწილი შევთანხმდით, მაგრამ გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაიდინა ისტორიული დანაშაული“, – განაცხადა ნათელაშვილმა და დასძინა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „უნდა დაიშალოს, გაუქმდეს და შეუერთდეს საერთო სასამართლოებს“.
საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე დღეს ჟურნალისტებთან ქართული ოცნების დეპუტატმა მირიან წიკლაურმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „უპასუხისმგებლო ადამიანების“ მიღებულია და რომ ის „ერისა და ქვეყნის ღალატის ტოლფასია“.
„ასეთი უფლებები ვიღაცის მიერ დანიშნულ ოთხ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს. მათ იმდენი უფლებაც კი აქვთ, რომ შეუძლიათ არჩევნები ბათილად გამოაცხადონ“, – აღნიშნა წიკლაურმა. კითხვაზე ემხრობა თუ არა ის საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას, წიკლაურმა განაცხადა, რომ ეს „მხოლოდ საწყისი იდეის სახითაა“. „მე ჯერჯერობით ამაზე მყარად ჩამოყალიბებულად არ მიფიქრია და დავიწყებთ ამაზე ფიქრს მე და შესაძლებელია ჩემი მეგობრებიც“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)