საქართველოში მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ დაიწყო
ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე 1 აგვისტოს ორკვირიანი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ დაიწყო. სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება და ურთიერთთავსებადობის ამაღლებაა.
სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის, 1 300 ქართველი და 1 170 ამერიკელი სამხედრო, ასევე 500 სამხედრო სხვა მონაწილე ქვეყნებიდან, რომელთა შორის არის სომხეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.
სწავლების სცენარი თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში საბრძოლო სროლებით სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას ითვალისწინებს.
სამხედრო სწავლების ფარგლებში, რუმინეთიდან ფოთის პორტში ბორნის საშუალებით ამერიკული და გერმანული სამხედრო ტექნიკა შემოვიდა, მათ შორის, ქვეითთა საბრძოლო მანქანა Stryker, M1A2 ტიპის საბრძოლო ტანკები „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი”.
28 ივლისს, ქვეითთა საბრძოლო მანქანები Stryker აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გავლით სენაკის სამხედრო ბაზიდან ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე გადავიდა. აშშ-ის სამხედრო ტექნიკის ნაწილი, მათ შორის, Black Hawk-ის და Apache-ის ტიპის ვერტმფრენები, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს, სამხედრო თვითმფრინავის მეშვეობით ჩამოიტანეს.
1 აგვისტოს, წვრთნების გახნის ცერემონიაზე გამოვლისას, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს წვრთნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი მონაწილეობა „არის გარანტია იმ სტაბილურობის, იმ მშვიდობის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან“.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნის ცერემონიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სამხედრო წვრთნა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. „ღირსეული პარტნიორი მხოლოდ რეგიონულ უსაფრთხოებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განტკიცებას ემსახურება“.
მან ასევე განაცხადა, რომ „რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ეს სწავლება იქნება მეტი პროფესიონალიზმის, მეტი სიმტკიცის, მეტი საბრძოლო მზადყოფნისა და სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი თავსებადობის მომტანი. ჩვენს ქვეყანას კი მეტ მშვიდობას, მეტ უსაფრთხოებას, მეტ სტაბილურობას და საერთაშორისო ჩართულობას მოუტანს“, – განაცხადა ბახტაძემ.
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ წვრთნებს შავი ზღვის რეგიონში „ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი მრავალეროვნული სწავლება“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასთან ერთად, წვრთნები კიდევ უფრო გვაახლოებს ნატოს სტანდარტებთან“.
„საქართველომ თავისი ქმედებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის სანდო და ერთგული პარტნიორი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნატოში გაწევრიანება ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია“, – განაცხადა იზორიამ.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ცერემონიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლევანდელი სწავლება „წინა წლების წარმატებას ეფუძნება, რომელიც ადასტურებს ჩვენს მტკიცე პოზიციას, რომ გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში და შევაჩეროთ აგრესია“.
„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება. 2017 წელს წვრთნების მონაწილეებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მიმართა, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებული დიპლომატიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)