დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და შენების მოძრაობის ამჟამინდელი ლიდერი დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა 31 ივლისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გიორგი მარგველაშვილთან გამართული მოლაპარაკებებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა.
„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მივდივარ აბსოლუტურად დარწმუნებული, თავდაჯერებული იმაში, რომ დიახ, მე ეს შემიძლია, არა მარტო გამარჯვება, არამედ კარგი პრეზიდენტობა“, – განმარტა უსუფაშვილმა. „არ მაქვს ილუზიები, რომ ეს იქნება მარტივი საქმე. ვხედავ სერიოზულ კონკურენტებს…თუ [კენჭისყრა] იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე, დიდი სიამოვნებით შევებრძოლები ყველას“, – დასძინა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა პრეზიდენტთან არშემდგარ თანამშრომლობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ გიორგი მარგველაშვილი არ არის დაინტერესებული „პარტიულ–პოლიტიკური გრძელვადიანი საქმიანობით“. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტსა და მას შორის არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება არ შედგა, „მეც და ჩვენს გუნდსაც გვაქვს მისი მხარდაჭერა და თანადგომა“. უსუფაშვილი მხარდაჭერას თავისუფალი დემოკრატებისა და სხვა პარტიებისგანაც ელის.
უსუფაშვილთან მოლაპარაკებების შესახებ 1 აგვისტოს გამართულ ბრიგინგზე გიორგი მარგველაშვილმაც ისაუბრა და განმარტა, რომ უსუფაშვილი „გეგმავს პარტიის შექმნას და ამ ეტაპზე პოლიტიკური პარტიის მშენებლობა და პოლიტიკური პარტიის მშენებლობის პარალელურად, ერთად, ასევ ვთქვათ, ამ ტაქტიკით, ერთად მოძრაობა, მე ვთქვი, რომ ჯერჯერობით ამისთვის მზად არ ვარ“.
გიორგი მარგველაშვილსა და დავით უსუფაშვილს შორის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებსა და საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ პირველი კონსულტაცია 19 ივლისს გაიმართა. შეხვედრას წინ დავით უსუფაშვილის მიერ პრეზიდენტისადმი მიწერილი ღია წერილი უძღოდა, სადაც ის გიორგი მარგველაშვილს ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით თანამშრომლობა შესთავაზა.
საპრეზიდენტო არჩევნები, მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. ამ დროისთვის, უკვე ცნობილია, რომ დავით უსუფაშვილთან ერთად, პრეზიდენტობისთვის მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე, ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი იბრძოლებენ. საარჩევნო მარათონში, დიდი ალბათობით, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძეც ჩაერთვება.
საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ მმართველ გუნდში. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართულ ოცნებას არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება და მხარს დამოუკიდებელი კანდიდატის სახით, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ჯერ არც მოქმედ პრეზიდენტს გადაუწყვეტია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)