აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ოთხი ევროპელი მინისტრი ეწვევა
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის 1 აგვისტოს განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, 6-7 აგვისტოს, საქართველოს ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი ეწვევიან.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი უკრაინის ვიცე-პრემიერი პავლო როზენკო მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის ფარგლებში, განხილული იქნება ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინაშე არსებული გამოწვევები.
„ღონისძიებაზე საუბარი შეეხება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას, საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ამ მიმართულებით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში უცხოელი სტუმრები საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ და საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)