კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ ხელისუფლებას საქართველოს ნატოში გაწევრიანების პოლიტიკის გააქტიურებისკენ მოუწოდებს
კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მთავრობას ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხის გააქტიურებისკენ და დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.
განცხადება, რომელსაც ხელს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), მედიის განვითარების ფონდი (MDF), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) და საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) აწერს, კოალიციამ 2 აგვისტოს გაავრცელა.
კოალიციის წევრები მიიჩნევენ, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები, „ხელსაყრელ გეოსტრატეგიულ გარემოს ქმნის საქართველოს ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად“.
არასამთავრობოების განმარტებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შემდეგ, ნატომ რუსეთი „პარტნიორიდან საფრთხედ გადააკვალიფიცირა“, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ნატოს სამხედრო სტრატეგიაშიც. ამასთან, რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა სანქციებიც და „დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სააგენტოების მიერ, ფაქტობრივად, დადასტურებულია რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის წარმოების ფაქტები“.
„ცივილიზებული სამყარო უკვე აღიარებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დათმობებზე წასვლა საფრთხეს შეუქმნის მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას…ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგის ფოკუსმა ევროპის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით გადმოინაცვლა, რამაც შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები პრიორიტეტული გახადა. ამ კონტექსტში, საქართველოს როლი ალიანსის უსაფრთხოების დღის წესრიგში, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.
აღნიშნულისა და ნატოს ღია კარის პოლიტიკის გათვალისწინებით, კოალიციის წევრები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად, საქართველოს მთავრობას „არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია“ და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები „ფრაგმენტული, არასტრუქტურირებული და არაეფექტიანია“. კოალიციაში მიიჩნევენ, ხელისუფლება მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ნატოში გაწევრიანების საკითხს, „რაც ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა“.
არასამთავრობოების განმარტებით, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად, მნიშვნელოვანია, შიდა რეფორმების დაჩქარება, ნატოს მომავალი სამიტისთვის მოთხოვნების მკაფიოდ ჩამოყალიბება, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან საბრძოლველად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და სკეპტიკოს ქვეყნებთან „სწორი, შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის წარმართვა“.
კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ 22-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2016 წლის სექტემბერში დააფუძნა და მისი მიზანი ეფექტიანი, დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)