1918: ამბოხებები და შეტაკებები გრძელდება

(ერთობა N163, 3 აგვისტო, 1918):

უკანასკნელი ცნობები:

ქუთაისი

[საქართველოს მთავრობა აგრძელებს ლეჩხუმში აჯანყების ჩაქრობას, რაც ადგილობრივი გლეხების გამოსვლებით ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, მაგრამ ბოლშევიკების ჩართვის შემდეგ გაფართოვდა, მოიცვა სამეგრელოსა და აფხაზეთის ნაწილიც და უაღრესად გამწვავდა.]

გენ. სუმბათაშვილი სამხედრო მინისტრს დეპეშით ატყობინებს: ჩვენი რაზმი როგორც ტყიბულის მიმართულებით, ისე სამხედრო ოსეთის გზაზე, მიუხედავათ ბრბოს სასტიკი წინააღმდეგობისა, ბრძოლით მიიწევს წინ, მოწინააღმდეგეს დიდ ზარალს აყენებს და იძლებულს ხდის დაიხიონ მთებში. განსაკუთრებით მამაცურად მოქმედებს არტილერია კაპ. ქორქაშვილის მეთაურობით. დავატუსაღეთ სამი მეთაური, რომლებმაც უარი განაცხადეს ვინაობაზე და ან რაიმე ცნობის მოცემაზე; სამნივე დახვრეტილ იქნენ. სამხედრო ოსეთის გზაზე ჩვენმა რაზმმა სასტიკი ბრძოლის შემდეგ დაიკავა მნიშვნელოვანი მაღლობი გორმაღალი, სადაც იპოვნეს 60 მკვდარი და 31 დაჭრილი. დაჭრილების სიტყვიდან გავიგეთ, რომ 29 ივლისს შეტაკების დროს მოუკლავთ მოწინააღმდეგის რაზმის უფროსი რომანოზ ექვთიმეს ძე რატიანი, ყოფილი “სტრაჟნიკი”, ჩვენმა ჯარმა წაართვა მოწინააღმდეგეს ბევრი ვინტოვკები.

ჩვენი ზარალი მცირეა. მოკლულია ერთი აფიცერი და სამი ჯარის კაცი. ბრბო გამაგრებულია მიუვალ მაღლობზე, რადგანაც ლეჩხუმის მაზრის მცხოვრებნი მათ თანაუგრძნობენ, მათ საშუალება აქვთ გამაგრდნენ თავიანთ პოზიციებზე და ნელ-ნელა დაიხიონ მაზრის შუაგულში.

კობი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ატყობინებენ, რომ 29 ივლისს თერგის ოლქში გაურეკიათ 1200 სული ოთხფეხი, რომელიც კობისა და ყაზბეგის საზოგადოების მაცხოვრებლებს ეკუთვნოდა, თხოულობენ საჩქარო დახმარებას.

ხონის რაიონი

ბალშევიკურმა გამოსვლამ აქ ისევ იჩინა თავი. სოფ. გვიშტიპში და ძეძილეთში ჩვენი რაზმები შეეტაკნენ ბრბოს. მოწინააღმდეგეს ემატება ლეჩხუმიდან გამოქცეული ყაჩაღები. მთავრობის ჯარები მათ ავიწროვებს.

ხრესილი

უკანასკნელი შეტაკების დროს მოწინააღმდეგეს მოვუკალით წინამძღოლნი ახვლედიანი, ცნობილაძე და ერთიც უცნობი. იერიშის შემდეგ ავიღეთ სიმაღლე დღნორისი.