რუსი გენერალი აფხაზეთის არმიის მეთაურად დაინიშნა
კარიერული სამხედრო ოფიცერი, გენერალ-მაიორი ვასილი ლუნევი, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად დაინიშნა. მან ამ პოსტზე გენერალი ანატოლი ხრულევი შეცვალა, რომელსაც ეს თანამდებობა 2015 წლის მაისიდან ეკავა.
განცხადება 2 აგვისტოს, ლუნევის აფხაზეთის ლიდერთან, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
„იმედი მაქვს, ძალიან მალე შეეწყობით კოლექტივს, თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის და აქ განთავსებული რუსული სამხედრო სტრუქტურის წარმომადგენლებთან ურთიერთქმედების თვალსაზრისით“, – მიმართა ხაჯიმბამ ლუნევს და დასძინა, რომ „ჩვენ განვაგრძობთ სტრატეგიულ და თავდაცვით თანამშრომლობას [რუსეთთან]“.
თავის მხრივ, ლუნევმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავარი ამოცანა მშვიდობის უზრუნველყოფა იქნება „იმ რთულ დროს, რომელშიც გვიწევს მუშაობა“.
„დღეს თავდაცვის მინისტრთან [მერაბ ქიმშარიასთან] შეხვედრაზე, მეზობელ ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო სწავლებები განვიხილეთ და, რა თქმა უნდა, ამ ძალის დემონსტრაციას ჩვენგან შესაბამისი ქმედებები სჭირდება“, – განაცხადა რუსმა გენერალმა, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლებას „ღირსეულ პარტნიორს“ გულისხმობდა.
გენერალ-მაიორ ვასილი ლუნევს, რომელსაც საქართველოსთან და მის ოკუპირებულ რეგიონებთან კავშირი არ აქვს, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ცხინვალის რეგიონის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. რუსული მედიის ინფორმაციით, ლუნევი საქართველოში შემოჭრილ რუსულ არმიას სათავეში მას შემდეგ ჩაუდგა, რაც გენერალი ანატოლი ხრულევი, რომელიც იმ დროს 58-ე არმიის მეთაური იყო, ქართული მხარის მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიჭრა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)