არჩევნები 2018: ძირითადი თარიღები და პროცედურები

28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ. ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირი გზით აირჩევენ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საარჩევნო ღონისძიებების გრაფიკი 1 აგვისტოს, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების თარიღი გამოაცხადა.

ქვემოთ მოცემულია 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი ძირითადი ვადა, თარიღი და პროცედურა.

1 აგვისტო – არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადდა;

6 აგვისტო – ცესკო აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს თითოეულ საარჩევნო ოლქში. ყველა მონაწილეს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ ამომრჩევლებს, საარჩევნო სიების გადასამოწმებლად და შესწორებების შესატანად ვადა 10 ოქტომბრამდე აქვთ. 13-დან 16 ოქტომბრამდე, ცვლილებები ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება შევიდეს;

29 აგვისტო – საარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება, რაც რიგ სამართლებრივ ვალდებულებებს მოიცავს, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვას;

8 სექტემბერი – ეს არის ბოლო ვადა პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის, რომ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატები დაასახელონ და ცესკოში განაცხადი შეიტანონ;

18 სექტემბერი – ამ დღეს პოლიტიკურ პარტიებს და საინიციატივო ჯგუფებს კანდიდატის დასარეგისტრირებლად საჭირო მხარდამჭერთა (არანაკლებ 25 923-ისა) სიების წარდგენის ვადა ეწურებათ;

28 სექტემბერი – ცესკო საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციას ასრულებს;

4 ოქტომბერი – ცესკო საპრეზიდენტო კანდიდატების სიას აქვეყნებს, მათ შორის, მათ პირად მონაცემებს (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, თანამდებობა, საქმიანობა, მისამართი);

18 ოქტომბერი – ამ დღეს იწურება ვადა, როდესაც რეგისტრაციაში გატარების მიზნით, ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა საარჩევნო კომისიას განცხადებით უნდა მიმართონ;

21 ოქტომბერი – ეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ცესკოში დასარეგისტრირებლად მიმართვის ბოლო ვადაა;

23 ოქტომბერი – ეს ცესკოსთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ საბოლოო მონაცემის გამოსაქვეყნებლად ბოლო ვადაა, მას შემდეგ, რაც ამომრჩეველთა სიაში ცვლილებები შევა;

28 ოქტომბერი – არჩევნების დღე. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიღება და საღამოს 8 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე ხმების დათვლა დაიწყება;

8 ნოემბერი – ბოლო ვადა საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაჯამონ. შემაჯამებელი ოქმები ცესკოს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს მეორე დღისა.

იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 1 დეკემბრისა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)