სუს-მა ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა „ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე“, საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ. დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაკავებულის საცხოვრებელი სახლისა და სამსახურის ჩხრეკის შედეგად, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლოკიანი დროშები და სხვა ატრიბუტიკაა ამოღებული.
ონლაინ გამოცემა reginfo.ge – ის ინფორმაციით, სუს-ის მიერ დაკავებული პირი მალხაზ ტოხოსაშვილია, რომელიც პანკისის ხეობის სოფელი ბირკიანიდანაა. მისივე ცნობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ის ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და კერძო დაცვის სამსახურში მუშაობდა.
6 აგვისტოს palitranews-მა პროპაგანდისტული ვიდეო გაავრცელა, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს „ძმების“ სიკვდილისთვის შურისძიებით ემუქრებიან.
სამწუთიან ვიდეოში, ქართული სუბტიტრებისა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მუსიკის ფონზე, 2012 წელს ლოტოპას ხეობაში, სოფელ ლაფანყურსა და 2017 წელს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი პირების ფოტოკოლაჟი ჩანს. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, კავშირშია თუ არა, მუქარის შემცველი ვიდეო დაკავებასთან.
ტოხოსაშვილის დაკავებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის, ახმედ ჩატაევის დაჯგუფებისთვის ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოში ტერორისტული აქტის მოწყობის საქმეზე დაკავებული რამდენიმე პირი დამნაშავედ ცნო და მათ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)