საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე, რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ 7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
„სრულად უგულებელყოფს რა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში“, – ხაზგასმულია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული „მდგომარეობის გაუარესების“ გამო, „შეშფოთებას“ გამოთქვამს.
„მაშინ, როდესაც ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველობა რჩება ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაციის სამიზნედ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად რუსეთის მხრიდან „მუდმივი პროვოკაციული ნაბიჯებისა“, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების დღის წესრიგის ერთგული რჩება.
„საქართველო ძალისხმევას არ იშურებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებისთვის, რათა სათანადო გადაწყვეტა მოუძებნოს რუსეთ-საქართველოს შორის გადაუჭრელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა პრობლემებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყებისავე განმარტებით, საქართველო სრულად იცავს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და ქვეყანამ ცალმხრივად არაერთხელ დაადასტურა, რომ ის „პირნათლად“ ასრულებს ძალის არგამოყენების ვალდებულებას. „ამავდროულად, საქართველომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურა ძალისხმევა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების ჩართულობისა და შერიგების მიმართულებით“.
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების უკან წაღებისკენ და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრული იმპლემენტაციისკენ მოუწოდებს.
უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების აღმოფხვრის მიზნით „კონსოლიდირებული ძალისხმევის“ გამოყენების მოწოდებითაც მიმართავს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახის წევრებსაც უსამძიმრებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)