კითხვები და პასუხები: საქართველოს ომის შემდგომი ტრაექტორია
რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე მიღებული შედეგების შესაფასებლად, ჩვენ შემდეგი კითხვა დავსვით:
რა გავლენა იქონია რუსეთ-საქართველოს ომმა ქვეყნის შემდგომ განვითარებასა და სტრატეგიაზე?
ჩვენს კითხვებს ქართველი პროფესორები: გია ნოდია, თორნიკე შარაშენიძე, ეკა აკობია და კორნელი კაკაჩია პასუხობენ.
გია ნოდია – კავკასიის საკითხების სწავლების საერთაშორისო სკოლის დირექტორი და ილიასა სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი:
ომმა მთავარი გავლენა სეპარატისტული ტერიტორიების მიმართ საქართველოს დამოკიდებულებაზე იქონია. ომამდე ნებისმიერი მთავრობისთვის არსებობდა ერთგვარი აუცილებლობა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის მოგვარება პრიორიტეტად წარმოეჩინა. მიხეილ სააკაშვილის დაპირება, რომ ის ამ პრობლემას სწორედ მისი ხელისუფლების პირობებში მოაგვარებდა, აშკარა შეცდომა იყო. თუმცა, ნებისმიერი ამბიციური პოლიტიკოსისგან საზოგადოებაში მაინც იყო მოლოდინი, რომ მას კონფლიქტების დარეგულირების შედეგზე ორიენტირებული გეგმა ექნებოდა. ომის შემდეგ, განსაკუთრებით კი, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ ეს რეგიონები რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფება და თუკი რაიმე გადამწყვეტი არ მოხდება, რუსეთი საკუთარი გადაწყვეტილების უკან წაღებას არ აპირებს. ამავე დროს, საქართველოს არ შეუძლია, რომ საკუთარი ტერიტორიები დათმოს, თუმცა ვერც მათ დასაბრუნებლად აკეთებს რაიმეს. „სტრატეგიული მოთმინება“ – ეს ახალი რეალობა გახდა – საქართველოს მოსახლეობას საკუთარი მთავრობისგან ამ მიმართულებით რაიმე ცვლილების მოლოდინი აღარ აქვს. ამ საკითხზე, 2008 წლის ომის შემდეგ, სააკაშვილისა და ქართული ოცნების პოლიტიკას შორის სხვაობა წმინდა რიტორიკული ხასიათისაა.
მეორე, მოიხსნა ტაბუ ღიად პრორუსულ პარტიებთან მიმართებით. ახალმა პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა იმაზე დაიწყო საუბარი, რომ საქართველოს ტრადიციული პროდასავლური პოლიტიკა კონტრპროდუქტიულია და რომ ქვეყნამ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების ახალი გზები უნდა ეძებოს, რაც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმით უნდა გამოიხატოს. ამ ახალმა ხაზმა საქართველოს პოლიტიკური ვექტორი არ შეცვალა, თუმცა მასზე გარკვეული გავლენა მაინც იქონია. მაგალითად, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები სააკაშვილს მისი უგუნური ქმედებების გამო, „რუსეთის პროვოცირებაში“ ადანაშაულებენ, რამაც ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას შესაძლებლობა მისცა, საკუთარი თავი რუსეთთან ურთიერთობების დალაგების ალტერნატიულ ძალად წარმოეჩინა, რამაც 2012 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.
თორნიკე შარაშენიძე – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:
ქვეყნის განვითარებისთვის ეს იყო ძალიან ცუდი მოვლენა. შეაფერხა ჩვენი ნატოში ინტეგრაცია, ძალიან სერიოზულად და ამას პლუს ოკუპაცია რჩება დამოკლეს მახვილივით ჩვენს თავზე.
დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსული სამხედრო ბაზა, ბუნებრივია, ძალიან სერიოზული პრობლემაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ეს არის უმთავრესი პრობლემა, რომლიდანაც მოდის სხვა პრობლემები.
კერძოდ, ეს ყველაფერი ბორკავს ჩვენს რეალურ განვითარებას და შესაძლებლობებს. ზღუდავს ჩვენი მანევრის შესაძლებლობას, ეს აფრთხობს ზოგიერთ ჩვენს მოკავშირე ქვეყანას ნატოში. ისინი სკეპტიკურად უყურებენ ჩვენს პერსპექტივებს, ვიდრე უყურებდნენ ომამდე და ეს ყველაფერი რუსებს უზარმაზარ უპირატესობას აძლევს. როდესაც საქართველოში დგას რუსული ჯარი ეს არის ძალიან სერიოზული, მძიმე სიგნალი ჩვენი მოკავშირეებისთვის.
ეკა აკობია – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი:
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი ქართული სახელმწიფოს განვითარებაში ტრაგიკულ მოვლენათა ჯაჭვის მძიმე კულმინაციაა, რომლის შედეგადაც მოხდა საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის: აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. ჩვენ გვყავს ასიათასობით ლტოლვილი და იძულებით ადგილნაცვალი პირი, ვხარჯავთ დიდძალ რესურსს (როგორც მატერიალურს, ასევე დიპლომატიურს) ომის შედეგებთან გამკლავებაზე და შეზღუდული გვაქვს განვითარების მნიშვნელოვანი სფერო, როგორიცაა ომის შედეგად გახლეჩილი საზოგადოებების შერიგება. მითუმეტეს, რომ ოკუპაცია გადაიზარდა ანექსიურ ტენდენციებში, რის შედეგადაც სრულიად შეზღუდულია ხალხთაშორისი კავშირები და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, მიმოსვლაზე დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, დღემდე ექვემდებარება მძიმე პროპაგანდას, რომლის ერთადერთი მიზანი ამ რეგიონების საქართველოსგან და დასავლური ცივილიზაციისგან იზოლაციაა.
თუმცა, აგვისტოს ომი მხოლოდ კულმინაცია გახდა ისტორიულ მოვლენათა ჯაჭშვი. საქართველოს განვითარების მთავარი ბარიერი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზია – ეს არის ჩრდილოელი დიდი მეზობლის, რუსეთის სახელმწიფოს უმწიფარობა და შეუძლებლობა, გახდეს ევროპული სახელმწიფოების თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, რისი უმთავრესი წინაპირობაც არის ევროპული ფასეულობების გაზიარება. ეს ფასეულობები ყველაზე კარგად ჰელსინკის საბოლოო აქტშია გაწერილი, ხოლო რუსეთი დღემდე ამ ფუნდამენტური პოლიტიკური დოკუმენტის პრინციპების უმრავლესობის დამრღვევია. იგი პატივს არ სცემს სხვა სახელმწიფოს სუვერენულ საზღვრებს და უხეშად არღვევს მათ. მიაჩნია, რომ პატარა სახელმწიფოებს არ აქვთ დამოუკიდებელი არჩევნის უფლება. ეს ძალიან ანაქრონისტული და უკანონო პოლიტიკაა. წარმოვიდგინოთ, ასე რომ ფიქრობდეს მსოფლიოში ყველა დიდი სახელმწიფო, მაშინ პატარა ქვეყნები არ იარსებებდნენ. ამ გადასახედიდან, რუსეთი არა მარტო საქართველოს განვითარებისთვის არის ბარიერი, არამედ მსოფლიოში სამართლისა და ნორმატიული თანაარსებობის დღის წესრიგშიც აჩენს ბზარებს, რაც უდაოდ მსოფლიო წესრიგისა და მშვიდობის საზიანოა.
ამ ვითარებაში, ჩვენთვის გამოსავალია ვიყოთ უფრო წარმატებულები და ეფექტურები სახელმწიფო მართვაში. გავითავისოთ ევროპული ფასეულობები და დემოკრატია. განვავითაროთ შიდა დემოკრატია და კარგი მმართველობა, უკეთ დავიცვათ ადამიანის უფლებები და განვამტკიცოთ კანონის უზენაესობა და რაც ყველაზე უმთავრესია, შევქმნათ განათლების კარგი სისტემა. ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა ჩაებას ამ ფერხულში. მხოლოდ ასე შევძლებთ დავიცვათ სახელმწიფო, ომებისა და სხვადასხვა დივერსიებისგან თუ მათი მავნე შედეგებისგან.
კორნელი კაკაჩია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი:
აგვისტო ომის შემდეგ საქართველოში ყველა მიხვდა, რომ რაღაც ეპოქა დასრულდა. დასრულდა იმ გაგებით, რომ თუ აქამდე, საზოგადოების რაღაც ნაწილი იყო, რომელსაც გარკვეული ილუზიები ჰქონდა რუსეთთან თანაარსებობის შესახებ და ფიქრობდა, რომ რუსეთი არ გადადგამდა ასეთ ნაბიჯს საქართველოს მიმართ და სხვა ურთიერთობა შეიძლება ყოფილიყო ორ სახელმწიფოს შორის, ეს მითი დაიმსხვრა.
ამის მერე, უალტერნატივო გახდა საქართველოს დასავლეთთან დაახლოება და მათ შორის ნატოსთან და ევროკავშირთან და ამ პროცესმა ითამაშა კატალიზატორის როლი. ანუ მანამდე საქართველო ყოველთვის მიისწრაფოდა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, მაგრამ ამის შემდეგ, ეს პროცესი გახდა შეუქცევადი და ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება, რომ თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს.
რა თქმა უნდა, 2008 წლის ომმა ქვეყნის განვითარება, საქართველოს ნატოსა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი გარკვეულწილად შეაფერხა, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირთან მიმართებით, უფრო დაჩქარდა გარკვეული პროცესები იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირი იძულებული აღმოჩნდა გარკვეული რეაქცია მოეხდინა ამ აგრესიაზე. სწორედ ამ ომის შემდე, დაიწყო ის ცნობილი ინიციატივა – აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ. ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ რუსეთ-საქართველოს ომიც იყო, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ცდილობდა საქართველო იზოლაციაში მოექცია. სწორედ ამ აღმოსავლეთ-პარტნიორობის ინიციატივას, რომელზეც დღეს ასე რეაგირებს რუსეთი, ამ მოვლენის დამსახურებაცაა ნაწილობრივ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)