1918: შოვინისტების კონსპირაცია თბილისში

1918 წლის 6 აგვისტოს გამთენიას, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის  მიერ წინა დღეს გამოცემული ბრძანებით, სახალხო გვარდიამ, მილიციონერებმა და ჯარისკაცებმა თბილისის ცენტრში თამამშევის ქარვასლა გაჩხრიკეს . ქარვასლის 60-მდე სომეხმა მცველმა სამთავრობო ძალები ქარვასლაში არ შეუშვა, რის გამოც მთავრობის რაზმმა სომეხ ყარაულს იარაღი აჰყარა. ქარვასლაში ყუმბარების, ზარბაზნებისა და ასაფეთქებელი მასალების საწყობი აღმოჩნდა, რომელიც სომხეთის მთავრობას ეკუთვნოდა. გაზეთმა “ერთობამ” ამ საკითხს მიუძღვნა წერილი”შოვინისტთა კონსპირაცია”, რომელშიც სომხური “დაშნაკცუტუნი” ერთა შორის სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა. “ერთობამ” ხაზი გაუსვა თანამშრომლობისა და სოლიდარობის აუცილებლობას ამიერკავკასიის ერებს შორის, რაც დემოკრატიითა და მუშათა ბრძოლით უნდა მიღწეულიყო. 

 

(“ერთობა”, 9 აგვისტო, 1918წ, N167)

შოვინისტთა კონსპირაცია

ჩვენი სურვილია სომხეთის რესპუბლიკა გამაგრდეს. ჩვენი მისწრაფებაა სომხეთის დემოკრატიაც გამოფხიზლებული შეიქნეს და საერთაშორისო მუშათა კლასის ბრძოლის ნიადაგზე დადგეს.

ჩვენ გვინდა – განსაკუთრებული მეგობრული, ამხანაგური კავშირი სომხის, თათრის და სხვა ერების დემოკრატიასთან ამიერ-კავკასიაში. დემოკრატიის სოლიდარობის გარეშე ჩვენ ვერ ვხედავთ ხსნას.

მაგრამ შოვინისტები ყველა ქვეყნისა ყველანაირათ  არიან გაჟღენთილი ხალხის, ….[..]…, დემოკრატიის სიძულვილით. დემოკრატიზმი მათთვის საშიში საფრთხობელა, ხალხის დამეგობრება – სასაფლაოა. და ყოველი ღონისძიებით ხალხთა შორის კლასობრივი ბრძოლის მეთოდები ეროვნულ ბრძოლის მოწამლული წესებით შესცვალონ. გადაკიდე ერთმანეთს სომეხი, ქართველი, თათარი და მიიღებ ჯოჯოხეთს ამიერ-კავკასიაში, რომელსაც მეფისტოფელივით ხარხარით შეხვდებიან ყველა ჯურის ნაციონალისტები. მათი დღეგრძელობის ხანა დადგება მაშინ.

ასე იყო ბალკანეთის ერებში.

სოციალ-დემოკრატია მათ უქადაგებდა სოლიდარობას და შეერთებას. ნაციონალისტები კი უწყობდნენ პროვოკაციას და აჯანყებებს.

საშვალება – პროვოკაცია ორნაირია: იდეური და მოქმედებითი.

იდეურათ ეს მოძულენი ერისა  – ქადაგობენ: ეს ადგილი ჩვენია, აქ ადამის დროს ჩვენი ხალხი ცხოვრობდა: ყალბი სტატისტიკა, ყალბი ცნობები – გონების მომშხამველი ამბები – აი ამ იდეური გესლიანობის ნაყოფი. მაკედონიაში, მაგ., ბერძნების სიტყვით ბერძნები იყვნენ უმრავლესობა, ბულგარელების ცნობით – ბულგარელები, სერბიის სტატისტიკით კი – სერბიელნი. თვითოეული იჩემებდა ტერიტორიას, ერს, წარსულს, მომავალს.

და განგაშებდა შოვინიზმი, ინთხეოდა გესლი: შედეგათ რა მოყვა ამას? მათი ბრძოლა ოსმალეთის დესპოტიის წინააღმდეგ დამთავრდა შინაური ბრძოლით ერთმანეთში და ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლო გადაკიდებით.

სერბიელთ ახლა ბულგარელებზე უსაზიზღრესი მტერი არ ეგულებათ. ბულგარელთ ყველაზე მეტი მეზობელი და მონათესავე სერბიელნი სძულთ.

ესაა შედეგი შოვინისტური ქადაგების. საქმეც ასეთი იყო მათი: ერთმანეთს აჯანყებას უწყობდნენ, აფეთქებდნენ, სწყვეტდნენ, ტერიტორია ჩვენ დაგვრჩებაო.

ამიერ-კავკასია ამ მხრივაც მეორე ბალკანეთია. აქაც ერები ერთმანეთს შეჭმას უპირებენ ერთი მტკაველი მიწისთვის. სომხის ნაციონალისტები თფილისსა და კახეთსაც კი თავისათ აღიარებენ. ადერბაიჯანელებიც არა ნაკლებ მადა გახსნილი არიან, ქართველ ნაციონალისტებსაც თვალი ყაზახისკენ უჭირავთ.

დემოკრატია თუ აყვა ამ განგაშს, ერთა საქმე ჩაიფუშება. თუ შრომელი ხალხი ერთმანეთს გადაეკიდა შოვინისტების ქადაგებით – ამიერ-კავკასია სხვისი მსხვერპლი გახდება, განადგურდება. ეს უნდა შეიგნოს დემოკრატიამ.

შოვინისტურ ქადაგებას მოყვა ჩვენში შოვინისტური საქმეც. დღემდე ერთმანეთს უსევდნენ სომხის და თათრის გლეხებს. დარბევა- აწიოკებას ქონდა ადგილი და დღესაც აქვს ყველგან, სადაც ეს ორი ერი ერთმანეთს ეკვრის, მხოლოდ ქართველები იდგნენ ამის გარეშე რამოდენიმეთ მაინც.

ახლა შოვინისტებს სურთ ეს ხალხიც ამ მტრულ ატმოსფერაში გახვიონ.

ამ დღეებში მაგ. აღმოაჩინეს აქ მთელი საწყობი ყუმბარების, ზარბაზნების, ასაფეთქებელი მასალებისა მანთაშევის ქარვასლაში. ქარვასლა ხომ არსენალი არაა. იქ ასეთ საქონელს, საშიშს, საპროვოკაციო ინახავდა თურმე სომხის ნაციონალისტები და დაშნაკები.

რითვის ან ვისთვის?

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყველა მოქალაქე დაცულია თავდასხმისაგან. ვის წინააღმდეგ იყო მიმართული ეს იარაღი? ქართველების? თათრების, თუ სომხების? სულ ერთია ეს დანაშაულია ჩვენი რესპუბლიკის წინაშე. რათ იყო ასე ფარულად, სხვის სახელმწიფოში მეორე მთავრობის ფარული საწყობები? სად გაგონილა ასეთი შეთქმულ საზოგადოებად გადაქცეულიყოს მთავრობა, რომელსაც მთელი ერის ბედი აბარია?

განა ეს არ ადვილად არ შეიძლება საპროვოკაციო საბუთად გადაიქცეს?

ჩვენ მივმართავთ პირველ ყოვლისა სომხის ხალხს, სომხის დემოკრატიას, რადგან აქ უწინარესად მათი ბედით თამაშობენ, მათ კეთილდღეობას უთხრიან ძირს.

რომ რამე მოხდეს, ხომ ამ დემოკრატიას დაატყდება თავზე?

ჩვენ ვამბობთ, ასეთი საქციელი იწვევს მღელვარებას, აძლევს საზრდოს ნაციონალისტურ განგაშს. სთესს უნდობლობას.

სომხის დემოკრატია ვალდებულია პირველ ყოვლისა ხმა აღიმაღლოს ასეთ მოქმედების წინააღმდეგ. სომხის ხალხმა თვით უნდა დაგმოს ასეთი საქმიანობა მათი ხელმძღვანელი წრეებისა.

საქართველოს რესპუბლიკის ყოველი მოქალაქისა და მით უმეტეს დემოკრატიისთვის აშკარაა სომხის შოვინისტთა ზრახვანი და მისწრაფებანი.

ერთა შორის ბრძოლაში აღიზარდა ეს პარტია – დაშნაკცუტუნი, ერთა შორის მტრობის და შუღლის გაღვივებას ემსახურება იგი დღესაც.

და სანამ ამას ბოლო არ მოეღება, სანამ დემოკრატია სომხისა არ შეაქცევს ზურგს ამ არა მკითხე ძალათ მაცხოვნეებს, მანამ გაჭირდება ძმობა-ერთობის განმტკიცება ამიერ-კავკასიის ხალხთა შორის.

ერთობის მოციქული დემოკრატიაა, ერთობის გზა – მუშათა კლასობრივი ბრძოლაა. აქეთკენ მოვუწოდებთ ჩვენ სომხის დემოკრატიას.