ქეთევან ციხელაშვილი: 10 წელი აგვისტოს ომიდან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი civil.ge-ისთვის აგვისტოს ომის 10 წლის შედეგებს აჯამებს

ზუსტად 10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან, რომელსაც მოჰყვა ტკივილი და ნგრევა, ემსხვერპლა უამრავი ადამიანი. ვიხსენებთ მათ და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.

10 წელია, რაც ათასობით ადამიანისთვის გამყოფი ხაზების როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ომის შედეგებით და მიმდინარე რუსული ოკუპაციით შექმნილი ვითარება ყოველდღიური რეალობა და მძიმე გამოწვევაა. დევნილები კვლავაც ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას. 60-ზე მეტი სოფელი ფიზიკურად გახლეჩილია მავთულხლართებით. განსაკუთრებით მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა სოციალური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა. ხელოვნური ბარიკადების მიღმა მზარდი იზოლაციისა და მილიტარიზაციის პირობებში, წლიდან წლამდე მძაფრდება რუსიფიკაციის ღია საფრთხის აღქმა ადგილობრივ მოსახლეობაში.

კონფლიქტი, რომელსაც ხშირად არასწორად მოიხსენიებენ, სულაც არ არის გაყინული. რეგულარული ხასიათი აქვს სხვადასხვა პროვოკაციულ ქმედებებს, იქნება ეს ადგილობრივების უკანონო დაკავება, მავთულხლართების აღმართვა, თუ ყველაზე მძიმე შემთხვევებში, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაც კი, როგორც ეს ორი ახალგაზრდა დევნილის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევაში მოხდა. დამნაშავენი კი დღემდე ირიდებენ პასუხისმგებლობას. მსგავსი ქმედებები დაძაბულობის ესკალაციას და ხალხთაშორის შუღლისა და დაპირისპირების გაღვივებას უწყობს ხელს. ფაქტია, რომ დაყოფისა და დაშორიშორების ეს უხეში სტრატეგია, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს გარდა, სამწუხაროდ, უფრო ფართო სამეზობლოშიც გამოიყენება ზეგავლენის მოპოვების მცდელობაში, საბოლოო ჯამში, არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების, არამედ ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი მომავალის წინააღმდეგ არის მიმართული.

10 წელი საკმარისი დროის მონაკვეთია რაციონალური ანალიზისთვის. აგვისტოს ომს არ ჰყავს გამარჯვებული და დღეს არსებული ვითარება არც ქართველების, არც ოსების და არც აფხაზების ინტერესებს ემსახურება.

ფაქტია ისიც, რომ დღეს ჩვენს საზოგადოებებს ბევრი ხილული და უხილავი წინაღობა აშორიშორებს. მათ შორის, კონფლიქტის მწარე გამოცდილება. გადაუჭრელი კონფლიქტის პირობებში, ჩვენ მეოთხედი საუკუნეა ვცხოვრობთ და ტკივილი რომელიც ყველას თანაბრად სტკივა, არ განელებულა. თუმცა, ჩვენს საზოგადოებებს ბევრი რამ აერთიანებს კიდეც, არა მხოლოდ წარსულში, როგორიც თანაცხოვრების ხანგრძლივი ისტორია, ტრადიციების ერთობლიობა, კულტურული სიახლოვე ან შერეული ოჯახებია, არამედ დღესაც. მათ შორის, კონფლიქტის მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით, სწრაფვა მშვიდობის, განვითარებისა და უკეთესი მომავლისაკენ.

სწორედ ამ სწრაფვის გათვალისწინებით და არსებული დინამიკიდან გამომდინარე, დღეს საქართველო დგამს ახალ და პროაქტიულ ნაბიჯებს სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, რასაც საფუძვლად უდევს უპირველეს ყოვლისა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებები, ხოლო მის გარშემო ხალხთაშორის კონტაქტების, თანამშრომლობის, დიალოგის და ნდობის მშენებლობისთვის კონსტრუქციული სივრცის შექმნის ამოცანა.

არაღიარების პოლიტიკა

10 წლის წინ, სამხედრო ინტერვენციისა და დამანგრეველი ომის შემდგომ, რუსეთმა აღიარა საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის „დამოუკიდებლობა“. 10 წლის თავზე კი, სახეზეა ამ პოლიტიკის სრული ჩავარდნა. ვენესუელა, ნიკარაგუა, წყნაროკეანური კუნძული ნაურუ და სირიის ასადის რეჟიმი, არის ამ პოლიტიკის „მონაპოვარი“ 10 წლის თავისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობა მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენტიტეს და არ აღიარებს მისი საერთაშორისო ნორმების დარღვევით, უხეში ძალითა და მოსახლეობის გამოდევნის მეთოდებით დარღვევის მცდელობას.

დღეს, ცხინვალში ასადს, როგორც შესაძლო საპატიო სტუმარს განიხილავენ, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. აფხაზურ და ოსურ საზოგადოებაში ეს ფაქტი ნამდვილად და სამართლიანად არ იწვევს აღფრთოვანებასა და კმაყოფილებას. მითუმეტეს ადგილზე არსებულ ვითარებას არაფერი აქვს საერთო ამ რეგიონების რეალურ დამოუკიდებლობასთან. ის ასზე მეტი ე.წ. ხელშეკრულება, რაც მოსკოვსა და სოხუმს, მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმდა, არის დამოკიდებულებისა და დეფაქტო ანექსიის მცდელობის გამოცხადებული ქრონიკა. მზარდი მილიტარიზაციის, მუდმივი წვრთნების, მავთულხლართებით იზოლაციის და ამის ფონზე, საერთაშორისო წვდომის შეზღუდვის პირობებში, რუსული კონტროლი სრული და მზარდია. ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით აფხაზურ საზოგადოებაში აცნობიერებს, რომ რეალურად საქმე იდენტობის დაკარგვის საფრთხესთან აქვს. ფაქტია, რომ ორივე რეგიონში მიმდინარე პროცესები, ადამიანის უფლებების დარღვევები, რუსეთის ექსკლუზიური კონტროლი და მზარდი გავლენა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე, მძიმედ აისახება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებზეც, მათ თვითმყოფადობასა და მომავლის პერსპექტივებზე.

ევროპული უსაფრთხოება

რუსული აგრესიიდან 10 წლისთავზე, ჩვენ კვლავ გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა. დღეს უკვე ყველა აცნობიერებს, რომ ის, რაც ხდებოდა საქართველოში 2008 წელს და რასაც მოჰყვა კიდევ უფრო დიდი მასშტაბით უკრაინაში 2014 წელს, არ არის მხოლოდ კონკრეტული ქვეყნების ან თუნდაც რეგიონის პრობლემა, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოების საკითხია. რუსეთი ცდილობს ძირი შეურყიოს მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას და ამას უპირველეს ყოვლისა თავის სამეზობლოში ახორციელებს.

ფაქტია ის, რომ რუსეთის სამეზობლოში, შესაბამისად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთს აქვს ღია კონფლიქტი. არც ამ კონფლიქტების არსებობა და არც მათი თანმიმდევრობა არ არის შემთხვევითი. ყოველი მათგანი არის ერთი ჯაჭვის ნაწილი.

თუმცა გეოგრაფია ამით არ შემოისაღვრება. 10 წლის წინ, ალბათ, ძნელად თუ წარმოიდგენდნენ მსოფლიოს საექსპერტო წრეები, რომ დღეს, რუსეთის შესაძლო ჩარევა დასავლეთის წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების შიდა არჩევნებში მაღალი დონის შეხვედრებზე სერიოზული განხილვის საკითხი იქნებოდა. დღეს ამ საფრთხის ერთობლიობა აშკარაა, შესაბამისად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაც ამ საერთო უსაფრთხოების დღის წესრიგისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა. დასტურად შეგვიძლია განვიხილოთ ის რეზოლუციები, რომელიც მიმდინერე წელს აგვისტოს ომის 10 წლისთავის კონტექსტში იქნა მიღებული. მაგალითად, ევროპარლამენტის 14 ივლისის რეზოლუცია, რომელშიც ღიად არის დაფიქსირებული, რომ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება აუცილებელია ევროპის სტაბილურობისა და მდგრადი მშვიდობისთვის.

მავთულხლართების საპირისპიროდ

ჩვენი მთავარი პასუხი ოკუპაციისა და მავთულხლართების მიმართ, არის მშვიდობა, უწყვეტი განვითარება და გაორმაგებული ძალისხმევა ხელოვნური ბარიკადების მშვიდობიანად დასაძლევად, რაც პროაქტიულ სამშვიდობო პოლიტიკას გულისხმობს. ტრაგიკული აგვისტოს 10 წლისთავს საქართველო განსხვავებული ხვდება – უფრო განვითარებული, რაციონალური, თანმიმდვერული, პრინციპული და კიდევ უფრო ამბიციური, დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგით.

ეს არის არსებითი განსხვავება და პასუხიც, თუ რა არის მავთულხლართებით იზოლაციის ალტერნატივა – ევროპული სახელმწიფო, როგორადაც დღეს საქართველო ყალიბდება და სადაც დაცულია თითოეული მოქალაქის და ეთნიკური ჯგუფის იდენტობა, უფლებები და ღირსება. ეს არის კონფლიქტების მოგვარების ხედვა და გზა. ამ გზაზე მშვიდობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, როგორც ქვეყნის უწყვეტი განვითარებისთვის, ისე კონფლიქტის წარმატებული მოგვარებისთვის. ამ თანმიმდევრული და პრაგმატული მიდგომით, წლების მანძილზე, მიმდინარე რეგულარული პროვოკაციების პირობებშიც და ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაშიც, შევინარჩუნეთ მშვიდობა და გადავდგით ქმედითი ნაბიჯები სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში.

მავთულხლართების მიღმა

1990-იან წლებთან შედარებით, ცხინვალის რეგიონის 80% არის დაცარიელებული. გარდა იძულებით გადაადგილებული ქართველებისა, რეგიონი ბევრმა ოსმა და სხვა ეროვნების მოსახლემაც დატოვა. ყოველდღიური ყოფა რთულია, მომავლის პერსპექტივის განცდა კი, მინიმალური. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ყოველწლიურად ასზე მეტი სამხედრო წვრთნა და მანევრი ტარდება. სამწუხაროდ, ეს ტერიტორია დაემსგავსა მავთულხლართებით შემოსაზღვრულ გაფართოებულ სამხედრო ბაზას ან პოლიგონს, სადაც ყოველგვარი საერთაშორისო წვდომა შეზღუდულია. გადაადგილება მხოლოდ ახალგორის გადასასვლელის მეშვეობით, ადგილობრივებისთვის არის შესაძლებელი. ნიშანდობლივია, რომ რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 2016 წელს ორჯერ, ხოლო 2017 წელს სამჯერ მეტი ადამიანი დააკავეს გამყოფ ხაზზე ცხინვალის რეგიონიდან აქეთ გადმოსვლის მცდელობაში, ვიდრე პირიქით.

დღეს, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს მოქალაეები ათასობით კილომეტრზე დაბრკოლებების გარეშე გადაადგილდებიან, ჩვენი მოსახლეობის ნაწილი რამდენიმე მეტრით გადაადგილებას და მეზობლებთან ხელის ჩამორთმევასაც ვერ ახერხებს გამყოფი ხაზების გასწვრივ.

მავთულხლართები არის რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის რეალური და სიმბოლური სახეც და ეს პოლიტიკა ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის ინტერესშიც კი არ შედის, რადგან ის მავთულხლართებით და ჯებირებით დაუსრულებალად ვერც ადამიანებს და ვერც საზოგადოებებს დააკავებს და ვერ შეუზღუდავს პროგრესისა და განვითარების ინტერესს.

ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისათვის, რომ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს დავეხმაროთ.

კონფლიქტის სიმძიმეს ყველაზე მწვავედ საკუთარი სახლებიდან იძულებით გადაადგილებული პირები განიცდიან და სახელმწიფო გააგრძელებს მათი საკუთარ სახლებში დაბრუნებისათვის მშვიდობიან ბრძოლას. ამავდროულად, მათთვის ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილებში ღირსეული პირობების შექმნას. დევნილი ოჯახების 1/3-ზე მეტი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებლით და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენთვის ეს საკითხი ყოველთვის იქნება მაღალი პრიორიტეტი.

რთულ მდგომარეობაში მცხოვრები ადამიანები ხელოვნური გამყოფი ხაზების მიმდებარედ, გადაჭარბების გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ გმირულად უმკლავდებიან ყოველდღიურ გამოწვევებს და რეგულარულ პროვოკაციებს.

საქართველოს მთავრობა ოთხი წელია, რაც მათი კომპლექსური დახმარების პროგრამას ახორციელებს. არსებობს სამთავრობო კომისია გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისთვის. ამ კომისიის ფარგლებში, ბევრი რამ გაკეთდა და კიდევ ბევრი რამ არის დაგეგმილი. 2013 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს, 13 000-მდე ოჯახმა მიიღო გამოზამთრებისთვის და გათბობით უზრუნველყოფისთვის სპეციალური ვაუჩერი. დასრულდა რეგიონის ყველა სოფლის გაზიციფირება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ფაქტობრივად უწყლოდ დარჩენილი ამ სოფლების სამელიორაციო და სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ახლა მიმდინარეობს და შემოდგომაზე დასრულდება კიდევ 19 ჭაბურღილის მშენებლობა. მოეწყო ამბულატორიები და უკვე დასრულდა სკოლებისა და ბაღების ნაწილის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს გზების დაგება, ფინანსდება ყველა სტუდენტი ამ სოფლებიდან და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება (მხოლოდ მიმდინარე წელს, 1 168 სტუდენტი დაფინანსდა), რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა კი არ მცირდება, არამედ მაგრდება საკუთარ მიწაზე, არ ეგუება მავთულხლართებს და აგრძელებს მომავალზე ზრუნვას. წელს ვგეგმავთ ეს პროგრამა განვითარების ახალ ფაზაზე გადავიყვანოთ და შესაბამისი სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით შევუდგეთ კიდევ უფრო მეტი საქმის გაკეთებას, ალტერნატიული შემოსავლის წყაროების გასაჩენად. მით უფრო მათთვის, ვისაც საკუთარ სამეურნეო ნაკვეთებზე წვდომა აქვს შეზღუდული.

ჩვენ არანაკლებ გვაწუხებს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეც, მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები ადამიანების ბედი, რომელთა ჰუმანიტარული, უფლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა გალსა და ახალგორის რაიონებში, განსაკუთრებით მძიმე და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება. მათი ყოფის გაუმჯობესება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი.

ამასთან, კიდევ უფრო აქტიურად წარიმართება ჩართულობის პოლიტიკა, რომელიც ყველა მცხოვრების მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა მიმართული. ასეთია ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს და სხვა მიმართულებებით გადადგმული ნაბიჯები, თუმცა არსებულ ვითარებაში და მძიმე გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თამამი ნაბიჯებია საჭირო.

სწორედ ამიტომ, მთავრობამ ახლახანს ძალიან მასშტაბური და კომპლექსური ახალი სამშვდიობო ინიციატივა წარმოადგინა, რასაც საქართველოს პარლამენტმა მხარი ერთსულოვნად დაუჭირა. „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – არის ამ სამშვიდობო ინიციატივის სახელწოდებაც, შინაარსიც და სულისკვეთებაც.

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“

ამ ინიციატივაზე წელიწადზე მეტი ვიმუშავეთ, გაიმართა ბევრი კონსულტაცია და თემატური დისკუსია სხვადასხვა ჯგუფებთან. მათ შორის, გარკვეულ წრეებთან გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც, რათა იქ მცხოვრები საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი რამ, რაც, უპირველეს ყოვლისა, მათ საჭიროებებს ეხმიანება და ყოველდღიურ ყოფას გააუმჯობესებს. ამ ინიციატივაში არის პრაგმატული, ჰუმანიტარული და დეპოლიტიზებული მიდგომები, რომელიც სწორედ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს და ინტერესებს ეხმიანება.

ერთ-ერთი ასეთი მიმართულება გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებაა, რაც არსებული ვაჭრობის გაფართოების გარდა, შიდა და საგარეო ბაზრებზე წვდომის, პროდუქციის გადაადგილების, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის, მიმოსვლისა და კონტაქტების ხელშეწყობის ახალ შესაძლებლობებს გულისხმობს.

მეორე მიმართულება უკავშირდება განათლებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისათვის. დაგეგმილია ხარისხიანი განათლების ყველა საფეხურზე ხელმისაწვდომობის უფრო მეტად გამარტივება, გაფართოება, და ახალი შესაძლებლობების შექმნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

მესამე მიმართულება კი, იმ სიკეთეებსა და მომსახურებაზე წვდომის გამარტივებას უკავშირდება, რითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ და, მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესიდან გამომდინარეობს, იქნება ეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით, თუ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობა.

ეს ინიციატივა ბევრ ახალ სამართლებრივ, ინფრასტრუქტურულ, თუ ფინანსურ ინსტრუმენტს, მოქნილ და, მათ შორის, სტატუს ნეიტრალურ მექანიზმებს ითვალისწინებს, რაც არ გულისხმობს სტატუსის საკითხის გადახედვას, მაგრამ ქმნის შესაძლებლობას სტატუსთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხების გვერდის ავლით, მოიძებნოს ურთიერთმისაღები, დეპოლიტიზებული და ჰუმანიტარული მიდგომები კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად.

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის ახალი, კომპლექსური და სრულიად კონსტრუქციული პლატფორმა, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის ასეთივე კონსტრუქციული ჩართულობის შესაძლებლობას ქმნის.

ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიწყებთ აღნიშნული ინიციატივის იმპლემენტაციას. ვაცნობიერებთ, რომ ეს არის გრძელი გზა, რომელზეც უამრავი დაბრკოლება შეგვხვდება. თუმცა, ჩვენ ამ გზის გასავლელად მზად ვართ, მითუმეტეს, რომ ამ ინიციატივის მიმართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უპრეცედენტოდ მაღალი, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს. ამის დასტური არის თუნდაც ბოლო პერიოდში ნატოს სამიტის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები, აშშ-ისა და ევროპული სახელმწიფოების მხარდამჭერი განცხადებები. მისი განხორციელება საშუალებას მოგვცემს შევქმნათ მყარი საფუძველი გახლეჩილი საზოგადოებების შერიგებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი და სრულმასშტაბიანი მოგვარებისათვის.

დასკვნები

  • აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, სახეზეა ის მძიმე ვითარება, რაც ყოველდღიურად სერიოზულ გამოწვევებს უქმნის ადამიანებს ხელოვნური გამყოფი ხაზების როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს;
  • ეს კონფლიქტი არ არის გაყინული, არსებობს დინამიკა და დროსთან ერთად ეს დინამიკა არ მუშაობს არც ქართველების, არც აფხაზების და არც ოსების საკეთილდღეოდ;
  • ამ ვითარების სრული სიმწვავე და სიმძიმე კიდევ ერთხელ გამოვლინდა იმ უდიდესი ტრაგედიების ფონზე, როგორიც არის გიგა ოთხოზორიას მკვლელობა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და მისი ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურება;
  • იმ უმძიმეს დღეებში, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ მსგავსი ქმედებები მიმართულია დაძაბულობის ესკალაციის, ხალხთაშორის დაპირისპირების და შუღლის გაღვივების, სამშვიდობო კურსის შერყევისკენ;
  • ერთის მხრივ, ჩვენ უნდა ვიყოთ სრულიად შეურიგებელი ადამიანების სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების წინააღმდეგ გამიზნული ქმედებების მიმართ და მეორეს მხრივ, გავაკეთოთ ყველაფერი ადამიანების უფლებების, ჰუმანიტარული საჭიროებებისა და ინტერესების უზრუნველყოფისათვის.
  • ამისათვის, სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რეალურ შესაძლებლობებს ქმნის. ამით ჩვენ გვსურს გზა გავუხსნათ კონსტრუქციულ თანამშრომლობას, დიალოგს საზოგადოებების სხვადასხვა წარმომადგენელთა ფართო მონაწილეობით და ამგვარად ვიზრუნოთ მოსახლეობის კეთილდღეობაზე, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე.

This post is also available in: Русский (რუსული)