კლუბ ბასიანის რეზიდენტებმა მოსკოვში ვიზიტი გააუქმეს

საზოგადოების პროტესტის ფონზე, კლუბ ბასიანის დიჯეებმა რუსეთში ვიზიტი გააუქმეს. ისინი 14-16 სექტემბერს, მოსკოვში დაგეგმილ საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის – Red Bull Music Festival-ში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

კლუბი ბასიანის რეზიდენტების მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ფესტივალის ორგანიზატორების Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე 9 აგვისტოს გამოქვეყნდა. აფიშაში ნათქვამი იყო, რომ 14-16 სექტემბერს რუსეთში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, 15 სექტემბერს მოსკოვში ბასიანის სამი დიჯეი დაუკრავდა.

ამ განცხადებას მალევე სოციალურ ქსელში საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მათი შეფასებით, რუსული ოკუპაციის ფონზე, კლუბის დიჯეების მოსკოვში ვიზიტი გაუმართლებელი იყო.

საზოგადოების პროტესტის საპასუხოდ, 10 აგვისტოს ბასიანის დამფუძნებლებმა მოსკოვში მათი ვიზიტის გაუქმების შესახებ განცხადება გაარცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბასიანი პოლიტიკური შინაარსის მატარებელი მოძრაობაა, რომლის მიზანიც დაჭაობებული პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ გალაშქრებაა. მათივე თქმით, ბასიანის რეზიდენტები ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ, როგორც სისტემასთან ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლო. ეს იყო გულწრფელი სურვილი, რომ მონაწილეობა მიგვეღო წინააღმდეგობრივი შინაარსის ღამეში, – ნათქვამია განცხადებაში.

კლუბის მეპატრონეები იქვე განმარტავენ, რომ ისინი სრულად იზიარებენ თანამოქალაქეების გულისტკივილს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ღონისძიება საქართველოს ისტორიისთვის უმძიმეს დროს, აგვისტოს ომის 10 წლისთავის დღეებში დაანონსდა.

გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით, ჩვენმა გუნდმა მიიღო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება, იმ ღონისძიების, რომელიც უნდობლობის გამო ანგარიშსწორებისა და დაპირისპირების იარაღად იქცა, – აღნიშნულია განცხადებაში.

Red Bull Festival-ი საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომლის ორგანიზატორიც ელექტრონული მუსიკის აკადემიაა (Red Bull Academy). ფესტივალი მოსკოვში წელს პირველად ტარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)